დღეს ავღანეთის აღმოსავლეთში გამართული საპროტესტო აქცია თალიბებმა ძალადობრივი მეთოდებით დაშალეს, რომლის დროსაც სულ ცოტა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი, რომელმაც ქვეყანა თალიბანის შემოსვლისთანავე, საჩქაროდ დატოვა, თავს ოჯახთან ერთად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აფარებს.
საპროტესტო აქცია აღმოსავლეთის ქალაქ ჯალალაბადში გაიმართა. ავღანეთის დამოუკიდებლობის დღემდე ერთი დღით ადრე, ქალაქში ავღანეთის დროშის აღმართვისთვის შეიკრიბნენ. ავღანელები ბრიტანეთის მმართველობისგან 1919 წელს გათავისუფლების ფაქტის აღნიშვნას გეგმავდნენ. მათ დაბლა დასწიეს თალიბანის დროშა, რომელიც იქ ახლადაღმართული იყო.
ასევე ნახეთ: ავღანეთიდან ევაკუაცია გრძელდება, თალიბები კონფრონტაციაზე არ მიდიანვიდეოზე ჩანს დროშის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. თალიბებმა აქციის მონაწილეებს შეუტიეს და მათი დაშლა სცადეს. შეტაკების დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. ისინი თალიბებმა სცემეს. ადგილობრივი ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის შენარჩუნებას ითხოვს, თქვა, რომ სულ ცოტა, ერთი ადამიანია მოკლული და 6 დაჭრილია.
თალიბები ახლა ავღანეთის მთავრობის ფორმირების პროცესში არიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების წარმომადგენლები დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ქვეყნის ყოფილ ლიდერებს უკვე შეხვდნენ.
თალიბანი ამტკიცებს, რომ ორგანიზაცია შეიცვალა და ისინი მმართველობის წინა პერიოდისგან განსხვავებით, ავღანეთს დრაკონულ შეზღუდვებს თავს აღარ მოახვევენ. მათ შორის - ისე მკაცრად აღარ შეიზღუდება ქალთა უფლებები, არ მოხდება პოლიტიკური შურისძიებებით მოტივირებული სიკვდილის დასჯის ფაქტები და ქვეყანა არ გახდება ტერორისტების თავშესაფარი, როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტამდე ხდებოდა.
ასევე ნახეთ: ავღანეთის ომის ფასი