ავღანეთში თალიბანმა ერთ-ერთი რეგიონული დედაქალაქი დაიკავა და სიკვდილით დასაჯა სამთავრობო მედიის ხელმძღვანელი ქაბულში. ამით მეამბოხეთა დაჯგუფებამ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ავღანეთის მთავრობას ორმაგი დარტყმა მიაყენა.
ასევე ნახეთ: თალიბანის გამარჯვების შემთხვევაში ავღანეთი მსოფლიოსგან გარიყული იქნება - ზალმაი ხალილზადი
ქაბულში, თალიბანი თავს დაესხა მთავრობის მედიისა და ინფორმაციის ცენტრს და მისი ხელმძღვანელი დავა ხან მემენაპალი მოკლა.
პოლიციის წარმომადგენელმა სამხრეთში მდებარე ნიმზორის რეგიონში განაცხდა, რომ ქალაქი ზარანჯი დაეცა და ახლა ისლამისტების ხელშია იმის გამო, რომ მთავრობის მხრიდან საკმაო დახმარება ვერ მიიღეს.
რეგიონში და მთლიანად ქვეყანაში მკაცრი ისლამური კანონის დამყარებას თალიბანი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ცდილობს. ამ მცდელობის დიდი ნაწილი 2001 წლის შემდეგ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ცენტრალური მთავრობის დამარცხება და შეცვლაა.
მდგომარეობა განსაკუთრებით იმ ფონზე რთულდება, როდესაც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ავღანეთში ნატოს 20-წლიანი მისია მთავრდება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთში ომის დამთავრების და ქვეყნიდან ამერიკული ჯარის 11 სექტემბრამდე გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ დროისთვის თალიბანს ათობით რეგიონი უკვე დაკავებული აქვს და ნატოს ჯარების გამოსვლის შემდეგ ისინი, სავარაუდოდ, რამდენიმე რეგიონულ დედაქალაქზე, როგორიც დასავლეთში მდებარე ჰერატი და სამხრეთში მდებარე ყანდაარია, ზეწოლას გაზრდიან.