ავღანეთის „თალიბანი“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილს უგზავნის, რომელშიც შეერთებულ შტატებს ავღანეთიდან ჯარების სრული გაყვანისკენ მოუწოდებს.
დაჯგუფება „თალიბანის“ მიერ გამოქვეყნებული წერილი წინ უსწრებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ პარასკევს დანიშნულ შეხვედრას, სადაც ის უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად ავღანეთის სტრატეგიაზე იმსჯელებს.
თეთრი სახლის ცნობით, პარასკევს პრეზიდენტი ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ პენსთან და უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად ავღანეთის სტრატეგიას განიხილავს, ერთ-ერთი განსახილველი თემაა ავღანეთში საერთაშორისო დანაყოფების გაზრდა, რომლის მიზანიც კონფლიქტის მოგვარება და ავღანეთის სამთავრობო ჯარების მხარდაჭერაა.
ამჟამად ავღანეთში 8400 ჯარისკაცისგან შემდგარი დანაყოფია ბაზირებული. დანაყოფს ნატოს სამხედრო კოალიცია მართავს და მისი მიზანი ტერორიზმთან ბრძოლა და ამ ბრძოლაში ადგილობრივი დანაყოფების დახმარებაა.