თალიბანმა ქაბულში "ისლამური სახელმწიფო-ხორასანის" ბაზა გაანადგურა

ორშაბათს ავღანეთის მმართველმა თალიბანმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა ქაბულში “ისლამური სახელმწიფო ხორასანის” პროვინციული უჯრედი გაანადგურეს და ყველა მებრძოლი მოკლეს.

ღამის თავდასხმა სულ რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც კვირას, დედაქალაქის გარეუბანში მდებარე მეჩეთში ბომბით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე რვა ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაიჭრა.

ასევე ნახეთ: ავღანეთიდან გაეროს არავინ მიმართავს

მეჩეთზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია და არც თალიბანს უთქვამს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ავღანური განყოფილების წინააღმდეგ ოპერაცია, მეჩეთში სისხლიანი აფეთქების საპასუხოდ ჩატარდა.

თალიბანის მთავარმა პრეს-მდივანმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ორშაბათ დილით განაცხადა: “დაეშის ბაზა სრულად განადგურდა და (თალიბანის) საგანგებო ძალების გადამჭრელი და წარმატებული ოპერაციის შედეგად, იქ მყოფი დაეშის ყველა წევრი მოკლეს”.

თალიბანის წყაროების განცხადებით, “ისლამური სახელმწიფო-ხორასანის” უჯრედში რამდენიმე თვითმკვლელი ბომბის ამფეთქებელი იყო და შეტაკების დროს “თავისივე ასაფეთქებელი სარტყელებით გაანეიტრალეს”.

თალიბანის ახალი მთავრობისთვის უსაფრთხოების გამოწვევები, ავღანეთში ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების პერიოდს ემთხვევა. ქვეყანაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, სურსათის ფასები 50 პროცენტით იზრდება. თალიბანს არ აქვს წვდომა 9 მილიარდ დოლარზე, რომელიც მეტწილად შეერთებული შტატების ფედერალურ რეზერვში ინახება. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მათ პროგრამებზე ქაბულის წვდომა შეაჩერეს.

ამასთან ერთად, ქვეყნიდან უცხოეთის სამხედრო ძალების და სამოქალაქო პირების გასვლამ, ბევრ ავღნელს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო წაართვა.