ახალი კლინიკა სირიელი დევნილებისთვის

წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება დახმარების მასშტაბს ზრდის

Your browser doesn’t support HTML5

სირია


პანუ საარისტო, წითელი ჯვრის ჯანდაცვის საგანგებო კოორდინატორი, იორდანიიდან დაბრუნდა, სადაც რამდენიმე ეროვნული საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა. მისი თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ათასობით სირიელი დევნილისთვის დახმარების მასშტაბს ზრდის. მათი ინიციატივით, იორდანიაში ახალი საავადმყოფო იხსნება, რომელიც აგვისტოში პირველ პაციენტებს მიიღებს.

„ორსულებს საკეისრო კვეთა შეიძლება დაჭირდეთ და უამრავი სხვა სასწრაფო დახმარების საჭიროება არსებობს. მათ მოვლა უნდა. აპენდიციტი, მოტეხილობები, გულის შეტევები... ასეთი შემთხვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ და სწორედ ამ სახის მომსახურებას გავუწევთ დევნილებს საკმაოდ ხანგრძლივი დროის ინტერვალით“ - აღნიშნავს წითელი ჯვრის ჯანდაცვის საგანგებო კოორდინატორი.

ახალი ჰოსპიტალი იორდანიაში აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ეს ალ-აზრაქის რეგიონში სირიიდან დევნილთათვის რიგით მესამე ბანაკის გახსნას ემთხვევა. პანუ საარისტოს თქმით, იორდანიის მთავრობის მიერ მომზადებული ახალი ბანაკი 60 ათას ადამიანზეა გათვლილი. ის რამდენადმე განტვირთავს ალ-ზაატრის ბანაკს, რომელშიც ამჟამად 130 ათასზე მეტი სირიელი აფარებს თავს.

რაც შეეხება საავადმყოფოს, ის 60-საწოლიანი იქნება და ძირითადად ახალ ალ-აზრაქის ბანაკს მოემსახურება. კლინიკა მზარდ მოთხოვნაზეც არის გათვლილი და საჭიროების შემთხვევაში ის 130 საწოლსაც დაიტევს. ეს იქნება ჩვეულებრივი, ზოგადი მიმართულების საავადმყოფო, რომელიც დევნილებს ნებისმიერი სახის მომსახურებას გაუწევს.

წითელი ჯვრის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სირიელ დევნილებს რა თქმა უნდა, ქრონიკული და არაგადამდები დაავადებებიც აქვთ. ამიტომ საავადმყოფო არამატო სასწრაფო დახმარებაზეა გათვლილი, არამედ ქრონიკულ დაავადებებსაც უმკურნალებს, როგორიცაა დიაბეტი, ასთმა, მაღალი წნევა და მრავალი სხვა.

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციები სირიელ დევნილებს ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყების დღიდან ეხმარებიან. ორწელიწადნახევარზე მეტია, რაც ისინი მასპინძელ ქვეყნებთან თანამშრომლობენ, რათა დევნილთა ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება მოხდეს.