სარაკეტო სისტემები თურქეთში შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან გაიგზავნება
Your browser doesn’t support HTML5
თურქეთის საზღვართან მდებარე სირიულ ქალაქ რას ალაინზე ორშაბათს პრეზიდენტ ასადის არმიამ მასირებული შეტევა განახორციელა. რას ალაინს თურქული ქალაქიდან ჯეილანფინარიდან სულ რამდენიმე ათეული მეტრი აშორებს. მათ შორის საზღვარი რკინიგზის ლიანდაგი ეკლიანი ღობეა. იმ დროს, როდესაც შეტევის შედეგად დაჭრილები თურქული ქალაქის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, ბრიუსელში შეკრებილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთ სირიის საზღვართან პატრიოტის ტიპის რაკეტების განლაგებაზე მსჯელობდნენ.
თურქეთში უკვე გაიგზავნენ ნატოს წარმომადგენლები, რომლებიც რაკეტების განთავსების შესაძლო ადგილებს შეისწავლიან. სარაკეტო სისტემები კი შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან გაიგზავნება. თუმცა, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი პოლ შულტი ამბობს, რომ პატრიოტის სისტემა თურქეთის სრულ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
„პატრიოტები გამოუსადეგარია არტილერიის წინააღმდეგ. ის სასარგებლო იქნება სირიის ავიაციის წინააღმდეგ, თუკი თვითმფრინავები მათ პოზიციებს მიუახლოვდებიან. თუმცა, პატრიოტების განთავსებით, ხდება საკითხის გადაჭრის მზაობის და მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირება. ასევე ის იძლევა საშუალებას, რათა სირიის თავზე არასაფრენი ზონა დაწესდეს,“ - აცხადეს შულტი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირის მთავრობა გააფრთხილეს არ გამოიყენოს მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი.
„ობამას ადმინისტრაცია და შეერთებული შტატების საზოგადოებრივი აზრი არ ემხრობა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას. ეს კი ანკარას იმედგაცრუებას იწვევს, რადგან ვაშინგტონთან კოორდინაციის გარეშე თურქეთს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ძალის გამოყენების უნარი არ შესწევს,“ - აცხადებს ლონდონის ჩეთემ ჰაუსის ანალიტიკოსი ფადი ჰაკურა.
თურქეთის ტერიტორიაზე პატრიოტის სისტემის განთავსების მიუხედავად, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სირიაში სამხედრო ინტერვენციის ალბათობა ნაკლებია.