საომარ ზონებში არსებული ჯანდაცვის ობიექტები წყვეტს ფუნქციონირებას და გადაუდებელი სამედიცინო და ქირურგიული ჩარევა ძალიან რთულდება
Your browser doesn’t support HTML5
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში ბრძოლების ესკალაციის ფონზე ჯანმრთელობის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო. „ამერიკის ხმის” ლიზა შლეინი მოგვითხრობს დეტალებზე ჟენევიდან.
სირია მედიკამენტებისა და წამლების 90 პროცენტს ადგილობრივად აწარმოებდა. გამწვავებული საბრძოლო ვითარების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ფარმაცევტული წარმოება ქვეყანაში ნედლეულის ნაკლებად ხელმისაწვდომობის, საერთაშორისო სანქციების, საწვავზე მომატებული ფასისა და, ზოგადად, ქვეყნის უმრავლეს ნაწილში შექმნილი არასტაბილურობის გამო შემცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყნის ფარმაცევტული საწარმოების 90 პროცენტი ალეპოს, ჰომსისა და დამასკოს კომერციულ ცენტრებშია თავმოყრილი - იმ ადგილებში, რომლებიც კონფლიქტის მაღალ ზონებად ითვლება. უკანასკნელ პერიოდში ბრძოლების ესკალაციამ ქარხნებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და მათი დიდი ნაწილი დაიხურა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის, ტარეკ იასარევიჩის თქმით, კონფლიქტურ ზონებში ასევე დაიხურა ან დაზიანდა საავადმყოფოები და ჯანდაცვის ცენტრები. მისი თქმით, მოქმედი საავამდყოფოები მთავრობის ან აჟანყებულთა ჯგუფების კონტროლის ქვეშ არის. ეს ყველაფერი, მისი თქმით, სირიელებს მკურნალობის მიღებაში უშლის ხელს.
„ჩვენ ვერც დავადასტურებთ და ვერც ვუარყოფთ ცუდად მოპყრობის ფაქტებს. თუმცა, ნებისმიერი კონფლიქტის დროს დასაშვებია ამგვარი რამ, როდესაც ჯანდაცვის ობიექტები სამიზნე ხდება და მხარეები მათ კონფლიქტის დროს იყენებენ. ეს ობიექტები შესაძლოა, უბრალოდ, მიზანში ამოიღონ და გაანადგურონ. ასე რომ, ამის არც დადასტურება და არც უარყოფა არ შეგვიძლია, რადგან ჩვენ იქ არ ვიმყოფებით. თუმცა, ეს შესაძლოა ხდებოდეს. კონფლიქტის დროს ხდება ასეთი რამ, თუ ჯანდაცვის ობიექტს ერთ-ერთი მხარე აიღებს და სამხედრო ბაზად გამოიყენებს, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ხალხს იქ მისვლის სურვილი არ ექნება,” - ამბობს იასარევიჩი.
იასარევიჩის თქმით, როდესაც საომარ ზონებში არსებული ჯანდაცვის ობიექტები წყვეტს ფუნქციონირებას, გადაუდებელი სამედიცინო და ქირურგიული ჩარევა ძალიან რთულდება. ის ამბობს, რომ მიმდინარე ბრძოლებისა და საწვავის ნაკლებობის გამო, ჯანდაცვის მუშაკებს სამუშაო ადგილებზე მისვლა უჭირთ.
მისი თქმით, სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშში ნათვქამია, რომ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანამ სასწრაფო დახმარების 200 მანქანა დაკარგა, რადგან მანქანები ან მოიპარეს, ან ბრძოლების დროს განადგურდა.
„შექმნილი ვითარება, რასაკვირველია, გამანადგურებლად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომელთაც წამლები ყოველდღიურად ესაჭიროება. ასევე მათზე, ვისაც ქრონიკული დაავადებები და ფსიქიკური გართულებები აქვთ ან კონფლიქტის დროს მიყენებული ჭრილობების მოშუშებისას ინფექციების თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკები ესაჭიროებათ,” - ამბობს ტარეკ იასარევიჩი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, გადაუდებლად საჭირო მედიკამენტებში შედის ტუბერკულიოზის, ჰეპატიტის, ჰიპერტონიის, დიაბეტისა და სიმსივნის პრეპარატები, ასევე თირკმელების დაავადებების სამკურნალოდ საჭირო დიალეზი. ორგანიზაციის თქმით, ასევე, საჭიროა სისხლის ანალიზისათვის აუცილებელი ქიმიური რეაგენტები, რათა უზრუნველყოფილი იქნას სისხლის უსაფრთხოება და ხარისხი ქირურგიული და ტრავმატოლოგიური შემთხვევების დროს.