სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა საზღვარზე 20 ლიბანელი მოხალისე მოკლეს
Your browser doesn’t support HTML5
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ -ასადის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარ შეტაკებას ტრიპოლის ქუჩებში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა საზღვარზე 20 ლიბანელი მოხალისე მოკლეს, რომლებიც სირიაში მეამბოხეთა დასახმარებლად მიდიოდნენ.
ტრიპოლიში მოხალისეთა ცხედრების ჩამოსვენების შემდეგ განრისხებულმა სუნიტებმა ალავიტებზე მიიტანეს იერიში, რომლებსაც სირიის მთავრობასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
როგორც ბეირუთის ახლო აღმოსავლეთის კარნეგის ცენტრის დირექტორი პოლ სალემი ამბობს:
“ლიბანში სირიის ჯარების ყოფნის შემდეგ ორ ქვეყნას შორის უკიდურესად გამწვავდა ურთიერთობა. სირიელმა სუნიტებმა ბაშარ ასადის ალავიტური რეჟიმის დამხობა მოინდომეს, ტრიპოლის ალავიტური ანკლავი კი სირიის უშიშროებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.“
ტრიპოლის ქუჩები მოწინააღმდეგე მხარეების ბრძოლის ველად გადაიქცა, მაგრამ ექსპერტების აზრით, ლიბანში მძვინვარე 15 წლიანი სამოქალაქო ომის ხსოვნა იმდენად ძლიერია, რომ ქვეყნის ახალ დაპირისპირებაში ჩათრევას თავისთავად გამორიცხავს. პოლ სალემის განცხადებით:
“ალავიტები ალყაში არიან და მათი ამოწყვეტის დიდი საშიშროება არსებობს. თუმცა ეს არ გადაიზრდება შიიტებსა და სუნიტებს შორის ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში.“
ამასობაში სირიაში კიდევ უფრო გაძლიერდა ბრძოლები დამასკოს შემოგარენში, სადაც მეამბოხენი საერთაშორისო აეროპორტის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
ალეპოს მახლობლად აჯანყებულებმა სირიის არმიის სამხედრო ბაზა დაიკავეს. ბაშარ ასადის რეჟიმი ახლა რუსეთის მხარდაჭერით აგრძელებს ბრძოლას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიის ბედი თავად სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ.
შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საშიშროებაზე ალაპარაკდნენ. თავის მხრივ სირიის მთავრობამ გააფრთხილა გაეროს გენერალური მდივანი, რომ მეამბოხეებმა შესაძლოა ქიმიური იარაღი ჩაიგდონ ხელში.
ლიბანელი ექსპერტების აზრით, სირიის ხელისუფლების მოკავშირეები, - რუსეთი, ჩინეთი და ირანი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დამასკომ ქიმიური იარაღი არ გამოიყენოს მეამბოხეთა წინააღმდეგ, რაც სირიაში დასავლეთის ინტერვენციას გამოიწვევს.