გაერომ სირიიდან თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო

კვირას და ორშაბათს დამასკოში ნაღმები იმ სასტუმროს მახლობლად აფეთქდნენ, სადაც გაეროს პერსონალია განთავსებული.
გაეროს წარმომადგენლის მარტინ ნესირკის განცხადებით, კვირას და ორშაბათს ნაღმები იმ სასტუმროს მახლობლად აფეთქდნენ, სადაც გაეროს პერსონალია განთავსებული.

დაბომბვის შედეგად სასტუმროს ეზოში მდგარი მანქანები დაზიანდა, რომელთა შორის გაეროს ავტომობილიც იყო. ამ ინციდენტის შემდეგ გაეროს უშიშროების დეპარტამენტმა სირიიდან თანამშრომლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ეს ადამიანები სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ლახდარ ბრაჰიმის ოფისში მუშაობდნენ, რომელიც სირიის კრიზისის პოლიტიკური გზებით გადაწყვეტას ცდილობს.მარტინ ნესირკის განცხადებით:

“ ჩვენ დროებით გაგვყავს საერთაშოროსი პერსონალი სირიიდან. პირველ რიგში ეს დამაკსოში მყოფ ხალხს ეხება. ჩვენი სპეციალური წარმომადგენლები ბეირუთში გადავლენ, მთავარი ოფისი კი ამიერიდან ქაიროში იქნება.“

გაეროს წარმომადგენლის თქმით, ეს ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს სირიელი ხალხის დახმარებას, რათა ბოლო მოუღოს ორწლიან სამოქალაქო ომს ამ ქვეყანაში.

სირიაში გაეროს 100-მდე უცხოელი თანამშრომელი და 800 სირიელი მუშაობს. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საქმის გამოძიებას აპირებს. ახლახან სირიის მთავრობამ მეამბოხეები ალეპოში ქიმიური იარღის გამოყენებაში დაადანაშაულა. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს გენერალურ მდივანს თხოვეს დამატებით სამი ინციდენტის გამოძიება დაიწყოს, როდესაც ქიმიური იარაღი სამთავრობო ძალებმა გამოიყენეს.

ბან კი მუნმა ამ ქვეყნის მთავრობებს აღნიშნული შემთხვევების დამატასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა მოთხოვა.
რუსეთის ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინი უარყოფს ევროპელთა ბრალდებებს. მისი თქმით:

“ეს წერილი 19 მარტის ინციდენტის გადაფარვას ემსახურება. ჩვენი აზრით მხოლოდ სირიის მთავრობის მიერ წარმოდგენილი მასალები შეესაბამება სიმართლეს.“

ბატონი ჩურკინის განცხადებით, გაერომ რუსი ექსპერტებიც უნდა შეიყვანოს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ დაწყებული საქმის გამოძიებაში. მოსკოვი სირიის ხელისუფლების მთავარი მხარდამჭერია ამ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში.