სირიის კრიზისი

ანალიტიკოსები უკვე პოსტ-ასადის ეპოქაზე მსჯელობენ
სირიაში ბრძოლები უკიდურესად მწვავე ფაზაში შედის. ჯერ არავინ იცის როგორ იმოქმედებს ოთხშაბათს დამასკოში მომხდარი აფეთქება მოვლენების განვითარებაზე. ანალიტიკოსთა მოსაზრებებს ქაიროდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მარგარეტ ბაშირი ეცნობოდა.

პრეზიდენტ ასადის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დამასკოში ბრძოლებს უშიშროების შენობაში ბომბის აფეთქება მოჰყვა. შედეგად მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანი დაიღუპა, მათ შორის თავდაცვის მინისტრი.
ბეირუთში მოქმედი ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი ჰილალ ხაშანი ამბობს, რომ ბოლო მოვლენებმა 16 თვიან კრიზისში გარდატეხა მოახდინა.

„ვფიქრობ, ასადის დღეები დათვლილია. არსებობს ცნობები, რომ მან დამასკო დატოვა და ლატაკიაში გადავიდა. ასევე დედაქალაქში და მის გარეთ არმიის განლაგება და ქალაქის დაბომბვა მიუთითებს, რომ ისინი დამასკოს მტრის ქალაქად განიხილავენ. დედაქალაქს ასე არ უნდა მოექცე,“ - ამბობს ხაშანი.

ლატაკია ზღვისპირა ქალაქია და ასადის თვისტომების - ალავიტების ფორპოსტად განიხილება.
ხაშანის თქმით, თუკი ლატაკიაში ასადის გაქცევა სიმართლეა, ეს დაახლოებით იმ მოვლენას წააგავს, როდესაც ლიბიის დიქტატორმა კადაფიმ დედაქალაქი დატოვა და მშობლიურ ქალაქს შეაფარა თავი.
ლიბანში მოქმედი ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი იმად სალამი ამ მოსაზრებას ეთანხმება. მისი თქმით, ოთხშაბათის აფეთქებამ ბევრი რამ შეცვალა.
„ვფიქრობ, გუშინდელ ამბავს მიწისძვრის ეფექტი ქონდა, რამაც რეჟიმის უშიშროების სისტემა შეარყია. ასევე ოპოზიციური ძალების საბრძოლო განწყობა გააძლიერა. ვფიქრობ, მმართველმა რეჟიმმა სასარდლო საყრდენი დაკარგა. მათ ოპოზიციასთან ბრძოლის სტრატეგია აღარ გააჩნიათ,“ - ამბობს სალამი.

დღეიდან, მუსლიმთა წმინდა თვე რამადანი იწყება, რომლის დროსაც ყველა მორწმუნე მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე მარხულობს. სალამი ამბობს, სირიისთვის რამადანი გადამწყვეტი იქნება.

„ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი თვეა და ძალიან დრამატული ვითარების მოწმე გავხდებით. სავარაუდოდ, სირიის უსაფრთხოების სისტემა გაიხლიჩება და ვითარება სწრაფად გაურესდება,“ - ამბობს სალამი.

თვის დასაწყისში ქვეყნიდან არმიის გენერალი მანაფ ტლასი გაიქცა. ის ძლიერი სუნიტური ოჯახიდან არის. პროფესორი სალამი ამბობს, რომ ეს მოვლენები ასადის რეჟიმის დასუსტებაზე მიუთითებს. ანალიტიკოსები უკვე მსჯელობენ, თუ რა მოხდება ასადის შემდეგ და როგორ წარიმართება სირიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მრავალ რელიგიურ და ეთნიკურ დაჯგუფებას შორის.

პროფესორი ხაშანი გამოსავალს ერაყული ვარიანტის გამეორებაში ხედავს.

„ვფიქრობ, სადამის შემდგომი სირია ჰუსეინის შემდგომ ერაყს დაემსგავსება, სადაც ქურთებმა ავტონომია შექმნეს. ვფიქრობ, ალავიტებიც იგივეს იზამენ,“ - ამბობს ხაშანი.

სირიის მოსახლეობა 22 მილიონს შეადგენს. უმრავლესობა სუნიტები არიან. ასევე ფართოდ არიან წარმოდგენილი, ქურთები, სომხები, დრუზები, ქრისტიანები და მმართველი ალავიტები.
ხაშანის აზრით, ასადის შემდეგ ეს ჯგუფები ფედერალურ სახელმწიფოს შექმნიან. თუმცა, პროფესორი სალამი ფიქრობს, რომ ტრანზიცია უფრო მტკივნეულად და რთულად განხორციელდება.