ბრძოლები იდლიბის პროვინციაში გრძელდება

სამთავრობო ჯარების საგუშაგოებზე მიტანილი იერიში დროს, ასადის რეჟიმის 28 ჯარისკაცი დაიღუპა
სირიაში მეამბოხეებმა სამთავრობო ჯარების საგუშაგოებზე მიიტანეს იერიში, რომლის დროსაც ასადის რეჟიმის 28 ჯარისკაცი დაიღუპა. სირიის ოპოზიციის განცხადებით, ბრძოლები იდლიბის პროვინციაში მიმდინარეობდა, რომელიც თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა იმედი გამოთქვა, რომ სირიის აჯანყების ლიდერები გაერთიანებას შეძლებენ.

„სირიის ოპოზიციური ეროვნული საბჭო აღარ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სირიის მთელი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლობითი ორგანო, ის სირიის ოპოზიციის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ქალბატონი კლინტონის აზრით, სირიის გაერთიანებულმა ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ისლამისტი ექსტრემისტების მიერ ასადის წინააღმდეგ წამოწყებული რევოლუციის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.