სირიის სამთავრობო ავიაცია ამბოხებულებს უტევს

სირიელი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ავიაციის დარტყმების შედეგად ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად რაიონებში ათობით ადამიანი დაიღუპა. ამავდროულად, დამასკოში გაეროს სამშვიდობო დესპანი ლახდარ ბრაჰიმი ეწვია, ის სირიის სამოქალაქო ომის დასრულებას ცდილობს. ადგილობრივი აქტივისტები იუწყებიან, რომ ჰამას პროვინციის ქალაქ ჰალფაიაში სამთავრობო ავიაციამ იერიშები განახორციელა. მოკლული და დაჭრილია ათობით ადამიანი. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, სამთავრობო ავიაციამ იერიში მიიტანა ასევე ალეპოს პროვინციაში მდებარე ქალაქ ალ-საფირაზე, სადაც სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ქალაქში ერთერთი მსხვილი სამხედრო კომპლექსია განლაგებული, რომლის დასაკავებლადაც ამბოხებულები ბრძოლებს აწარმოებენ.