რიგითი ადამიანების აზრი სირიის შესახებ

ობამას ადმინისტრაცია სირიაში სამხედრო ინტერვენციისთვის კანონიერ არგუმენტაციას ამზადებს. რას ფიქრობენ რიგითი ადამიანები?
ვიდრე გაერო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს აზუსტებს და მსოფლიოს ლიდერები საპასუხო რეაქციის ვარიანტებზე მუშაობენ, სირიელმა დევნილებმა იორდანიაში დემონსტრაცია ამერიკის მხრიდან შესაძლო სამხედრო ინტერვენციის მხარდასაჭერად წინასწარ მოაწყვეს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, ღარებ შეჰადა ამბობს, რომ მათ დემონსტრაცია იმის სათქმელად მოაწყვეს, რომ „უკვე დროა! თავისუფალმა მსოფლიომ და პრეზიდენტმა ობამამ უნდა გაიგონ, რომ დრო მოვიდა. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ზღვარს, ე.წ. წითელ ხაზს გადააბიჯა. დადგა დრო მან ძლიერი გზავნილი მიიღოს და მისი სარაკეტო და ქიმიური იარაღის მარაგი განადგურდეს. ვინაიდან იარაღს კრიმინალები წესიერი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ“.

იორდანიის ზატარის ბანაკი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. იქ ბევრი სირიელი დევნილი ფიქრობს, რომ წლობით გაჭიანურებული ნგრევის და მსხვერპლის ზრდის ფონზე, სამხედრო ინტერვენცია შეიძლება დაგვიანებულიც კი იყოს. იბრაჰიმ სულეიმანის აზრით, „სამხედრო იერიში დაგვიანებულია. ეს ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო. ნატოს, დასავლეთს და არაბთა ლიგას ულტიმატუმი უნდა წაეყენებინა და ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა. დაიგვიანეს, ძალიან დაიგვიანეს. უამრავი ადამიანი დაგვეღუპა. ბავშვიან, ქალიან, მოხუცებიანად ყველა ამოხოცეს“ - ამბობს სირიელი დევნილი.

სრულიად საპირისპირო ხასიათის დემონსტრაცია მოეწყო ლონდონში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის ოფისის წინ შეკრებილმა ბრიტანელების ჯგუფმა ასევე წინასწარ გამოაცხადა პროტესტი დასავლეთის შესაძლო ინტერვენციის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას მათი აზრით, ძვირი დაუჯდება. აქციის მონაწილეების თქმით, სამხედრო იერიში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. სირია დაინგრევა, ერაყს დაემსგავსება და ეს ყოველივე მათ ძლიერ აღშფოთებას იწვევს. აცხადებენ, რომ არ სურთ სირია მეორე ერაყად იქცეს.

უახლესი საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, რომელიც გაზეთ „ბოსტონ გლოუბში“ (Boston Globe) გამოქვეყნდა, დასტურდება, რომ ამერიკელთა დაახლოებით 60 პროცენტი სირიის კრიზისში შეერთებული შტატების ნებისმიერი სახით ჩარევის წინააღმდეგია. გაზეთის კორესპონდენტი ბრაიან ბენდერი ამბობს, რომ გამოკითხვების მიხედვით, რიგითი ამერიკელებიც სირიას ხშირად ერაყს ადარებენ.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სირიაში ინტერვენციას ერაყის ომის გამოძახილად სავარაუდოდ იმიტომ მიიჩნევენ, რომ იქაც საუბარი იყო მასობრივი განადგურების იარაღზე, ქიმიური იქნება ეს, ბიოლოგიური, თუ ბირთვული. კონფლიქტში ჩარევის რაციონალურობა და არგუმენტაცია ანალოგიურ ბრალდებებს ეფუძნებოდა. საბოლოო ჯამში კი გაირკვა, რომ სადამ ჰუსეინს ის არც კი გააჩნდა“.

სწორედ ამით ხსნის „ბოსტონ გლოუბის“ კორესპონდენტი ამერიკელთა და არა მარტო მათ სკეპტიციზმს სამხედრო იერიშის მიზანშეწონილობის მტკიცებებთან დაკავშირებით. პრეზიდენტ ობამას მოუწევს კიდევ უფრო მეტად იზრუნოს იმაზე, რომ როგორმე დაარწმუნოს ამერიკელი და საერთაშორისო საზოგადოება იმაში, რომ სირიაში ინტერვენცია სრულ აუცილებლობას წარმოადგენს და სხვა გამოსავალი არ არსებობს - დასძენს ჟურნალისტი.