ჩაკ ჰეიგელი ჟურნალისტებს დღეს, მანილაში ესაუბრა

ჰეიგელი- ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საერთაშორისო კოალიციის გაერთიანებას სირიის მიერ ქიმიური იაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი აცხადებს, რომ მიუხედავად ბრიტანეთის პარლამენტის ოპოზიციისა, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საერთაშორისო კოალიციის გაერთიანებას სირიის მიერ ქიმიური იაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ.
ჰეიგელი ჟურნალისტებს დღეს, მანილაში ესაუბრა. გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სირიის სამხედრო კამპანიაში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის წინადადებას.
„პრეზიდენტ ობამას და ჩვენი მთავრობის მიზანია, რომ რა გადაწყვეტილებაც დადგება, ეს იყოს საერთაშორისო თანამშრომლობა და მცდელობა. მე არ ვიცი ბევრი პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელმაც არ დაგმო უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება,“-განაცხადა ჰეიგელმა.
ამერიკელი თავდაცვის მდივანი გუშინ გვიან ღამით, რამდენიმე ამერიკელ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთან ერთად, 90 წუთის განმავლობაში სირიის სიტუაციას სატელეფონო კონფერენციის დროს იხილავდა.
ამერიკის ოფიციალურმა პირებმა დააკონკრეტეს, თუ რატომ ფიქრობს ამერიკის ადმინისტრაცია, რომ ასადის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებაზეა პასუხისმგებელი.
ამერიკელმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა თეთრ სახლს სამართლებრივი არგუმენტაცია მოთხოვეს.
ტოკიოში კი, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანს იოშიჰიდე სუგას დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამართული კენჭისყრის შესახებ კითხეს. სუგამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს არანაირი გავლენა არ აქვს იაპონიის მთავრობაზე. მისი თქმით, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის წევრები ერთსულოვანნი არიან, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას არავინ უნდა შეეგუოს და რომ მისი გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა ასადის მთავრობას მიუძღვის.