ჟენევის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა

ლაქდარ ბრაჰიმი

სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი პარასკევს დასრულდა და ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების დაზარალებულ ქალაქებში მიტანის თაობაზე პროგრესი არ არის მიღწეული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მედიატორი ლაქდარ ბრაჰიმი ამბობს, რომ ჟენევაში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების დროს სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის საუბარი „მისაღები მანერით შედგა.“ მან ასევე დასძინა, რომ მხარეებს ვითარების გამოსასწორებლად უკიდურესად განსხვავებული შეხედულებები კვლავ რჩებათ.

ბრაჰიმის თქმით, ჟენევის მოლაპარაკების პირველი რაუნდი კარგი დასაწყისია სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გასაგრძელებლად.