სირიის კონფლიქტი მესამე წელია გრძელდება

გაეროს მონაცემებით სირიაში აჯანყების დაწყების შემდეგ 70 000 ადამიანი დაიღუპა
სირიაში აჯანყების მესამე წელიწადი დაიწყო, რომელიც სულ უფრო სასტიკ სახეს იღებს და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.
თავიდან სახალხო უკმაყოფილება მშვიდობიანი, პატარა დემონსტრაციების ჩატარებაში გამოიხატა, მაგრამ ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ გამოჩენილი დაუნდობლობის შედეგად დღეს ის მრავალრიცხოვანი ჯიჰადისტების ბრძოლაში გადაიზარდა.

როგორც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ექსპერტი, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის თანამშრომელი სტივენ ჰიუდმანი ამბობს:“ ასადის რეჟიმი ისე იქცევა თითქოს ომის მოგება შეეძლოს, მას ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის იმედი. სანამ ისინი დამარცხების საშოშროების წინაშე არ დადგებიან მანამდე სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება არარეალური იქნება.“

გაეროს მონაცემებით სირიაში აჯანყების დაწყების შემდეგ 70 000 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი კი ლტოლვილად გადაიქცა.

არსებობს კონფლიქტის გაფართოების საშიშროება. საომარი მოქმედებები მეზობელ ქვეყნებზეც გადადის. ლიბანსა და ერაყის მოსაზღვრე რაიონებში შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო, თურქეთის ტერიტორიაზე კი რამდენიმე ჭურვი აფეთქდა.

დასავლეთი ამტკიცებს, რომ ლიბანური ჰეზბოლა სირიის მთავრობას იარაღით ამარაგებს. დოჰაში ბრუკინგსის ცენტრის პოლიტოლოგის სალმან შაიხის განცხადებით:“ მათ გააძლიერეს ძალისხმევა და ახლა უფრო მეტ დახმარებას უწევენ რეჟიმს.“

სალმან შაიხი მიიჩნევს, რომ სირიაში დაძაბულობის ესკალაცია უფრო გაართულებს დასავლეთის ურთიერთობას ირანთან ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ისრაელის ფაქტორიც.
ისრაელი შეშფოთებულია გოლანის სიმაღლის მახლობლად სირიის სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით.

დასავლეთის ქვეყნები სირიაში შექმნილი სიტუაციიდან პოლიტიკურ გამოსავალს ეძებენ. ამავე დროს ისინი ოპოზიციას არასამხედრო აღჭურვილობით ამარაგებენ.

სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ლახდარ ბრაჰიმი საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ეს ლოკალური პატარა კონფლიქტი შესაძლოა იმგვარ ქარიშხალში გადაიზარდოს, რომელიც მსოფლიო კრიზისს გამოიწვევს.

მისი თქმით: “მშვიდობიანი, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მოვძებნოთ და კონსესუსი გამოვნახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია უმართავი გახდება და სომალიზე უფრო მძიმე ვითარებას მივიღებთ.“