არც ამბოხებულ ჯგუფებს და არც სირიის მთავრობას გაეროს დოკუმენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ
სირიის საკითხზე შექმნილმა გაეროს საგამოძიებო კომისიამ ანგარიში უკვე გამოაქვეყნა. მოკვლეული ფაქტების მიხედვით გაკეთებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ დანაშაული ჩადენილია, როგორც პროსამთავრობო, ასევე ამბოხებულთა ძალების მხრიდან. ჩატარებული გამოძიების შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა შლეინი არკვევდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სირიაში ძალადობრივი აქტები ორივე მხრიდნა ხორციელდება. ამასთან, შეიარაღებული კონფლიქტი თანდათან ირებს რელიგიური დაპირისპირების სახეს. ბრძოლებში ებმებიან კრიმინალური ჯგუფები და ელემენტები, ასევე იზრდება უცხოელი მებრძოლების რაოდენობა. ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო პირებს კლავენ როგორც ამბოხებულები, ასევე სამთავრობო ძალები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველა ფაქტს, რომელიც უკვე მოკვლეულია, შესაძლოა მიეცეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია. ანგარიშში დადგენილია, რომ მკვლელობები, წამებები, დესპოტური დაპატიმრებები, მძევლად აყვანის ფაქტები ასვეე მრავლად ხდება ამბოხებულთა მხრიდანაც. ჯერჯერებით, არც ამბოხებულ ჯგუფებს და არც სირიის მთავრობას გაეროს დოკუმენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გაეროს კომისარი და სამხედრო დანაშაულის ფაქტებზე საერთაშორისო ბრალმდებელი კარლა დელ პონტე აცხადებს, რომ სირიაში ვითარება უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარება.
„ორი წლის შემდეგ, უკვე წარმოუდგენელია, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ზომებს არ იღებს. სამართალი დაუყოვნებლივ უნდა დამყარდეს, რადგან დანაშაული გრძელდება და მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ სამართალი უნდა აღსრულდეს.“
საგამოძიებო კომისია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 2011 წელს შექმნა. ოთხ გამომძიებელს სირიაში შესვლის ნებართვა არ მისცეს. 131 გვერდიან დოკუმენტში 450 ადამიანის მონათხრობია ასახული. დელ პონტე ამბობს, რომ ხშირია ფაქტები, სადაც ძალადობა ბავშვების წინააღმდეგ ხორციელდება.
„ომის დროს, ბავშვებს იყენებენ როგორც ცნობის მიმტანებს და ისინი იმყოფებიან ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. მათ შორის არიან დაჭრილები. მათ წინააღდმეგ ხორციელდება სექსუალური სახის ძალადობაც“
კომისიის ანგარიშში ასახულია იმ მაღალი თანამდებობის პირების ან სამხედრო ხელმძღვანელების სახელები ვინც ამ დანაშაულზეა პასუხისმგებელი. გაეროს შეფასებით სირიაში დაღუპულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 70 ათას ადამიანს.