Your browser doesn’t support HTML5
ცამეტი წლის აჰმედს და თერთმეტის ნიზარს სხვებთან შედარებით გაუმართლა. ე.წ. კასრის ბომბების ჩამოყრის შემდეგ, რომლითაც სირიის არმიის ვერტმფრენებმა ქალაქი ალეპო დაბომბეს, ბიჭები დაიჭრნენ, მაგრამ ბევრი სხვა ბავშვისგან განსხვავებით, ცოცხლები გადარჩნენ და ახალ რეალობასთან გამკლავებას ცდილობენ. იმ დაბომბვას აჰმედის ოჯახის ორი წევრი, და და მამა შეეწირა.
აჰმედი პარალიზებულია. ხელების და მხრების გამოყენება სულ ახლახან დაიწყო. წელს ქვემოთ მდგომარეობის გაუმჯობესების იმედს კი ექიმები აღარ იძლევიან და ამბობენ, რომ სიარულს ის ვეღარ შეძლებს. პირველად, როცა აჰმედი თურქეთის საზღვართან მდებარე საქველმოქმედო ფონდის მიერ ორგანიზებულ საველე ჰოსპიტალში მიიყვანეს, მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა.
„ძალიან აგრესიული იყო, საშინლად გაბრაზებული. კისრის ქვემოთ საერთოდ ვერაფერს გრძნობდა და ამოძრავებდა. მკურნალობის შემდეგ სხეულის ზედა ნაწილში გაუმჯობესება გვაქვს. ხელებს ცოტა ამოძრავებს. თითქოს იმედი გაუჩნდა და უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკუთრი წარსული და მომავალი მაინც აშინებს“ - ამბობს ბავშვის ექთანი ალი აჰმედი.
ფერმკრთალი აჰმედი იღიმება და ყველას აჩვენებს, რომ ხელების მოძრაობა შეუძლია. თავთან დედა უზის, რომელიც იქვე, საავადმყოფოს საწოლთან მდგარ აკვანში ერთი წლის შვილს არწევს. დედაც გახარებული ჩანს იმით, რომ მისმა უფროსმა ბიჭმა ხელების ხმარება დაიწყო და ახლა ტაბლეტ-კომპიუტერზე ვიდეო-თამაშებით გართობა შეუძლია. ამის გამგონე აჰმედი ცერით აჩვენებს, რომ საქმე კარგადაა. თუმცა, ამ მარტივი მოძრაობის გასაკეთებლად ის რამდენიმე კვირის მანძილზე ვარჯიშობდა.
აჰმედის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდი როლი ითამაშეს სირიელმა დევნილმა ექიმებმა. ისინი 47-საწოლიან სახელდახელოდ ორგანიზებულ ჰოსპიტალში ლურჯი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მუშაობენ.
11 წლის ნიზარი, რომელიც სარეაბილიტაციო კურსს იმავე საავადმყოფოში გადის, ყვება, რომ სხვა ბავშვებთან ერთად ეზოში თამაშობდა, როცა აფეთქების ხმა გაიგო. ყველანი სახლებისკენ გაიქცნენ და როცა ეგონათ, რომ შენობას შეაფარეს თავი, მეორე აფეთქება მოხდა. 11 წლის ბიჭმა მარჯვენა ხელი მთლიანად დაკარგა. მარცხენაც დაზიანებული აქვს. საკუთარ მდგომარეობას ჯერ შეჩვეული არ არის და ამ ამბის მოყოლის დროს ორივე მკლავს ზემოთ წევს.
სირიელი დამკვირვებლების მიერ ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა მარტო ერთი, სექტემბრის თვის მანძილზე საკუთარი მოსახლეობის დაბომბვის მიზნით ქვეყანაში 1700-ზე მეტი ე.წ. კასრის ბომბი ჩამოაგდეს. მათი გამოყენება სირიის ხელისუფლებამ 2012 წელს დაიწყო. ეს არის შედარებით იაფი ხელნაკეთი საომარი საშუალება: მეტალის ფრაგმენტებთან ერთად ბენზინით, ტროტილით და ზოგჯერ ტოქსიკური აირით დატენილი კანისტრები, რომლებსაც ვერტმფრენებიდან სამიზნის თავზე ყრიან.
2014 წლის თებერვალში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მათი გამოყენება საგანგებო რეზოლუციით დაგმო. მას შემდეგ უფლებადამცველების ანგარიშის მიხედვით, კასრის ბომბებს დამატებით 9 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა 95 პროცენტს მშვიდობიანი მოსახლეობა შეადგენს. დაახლოებით ერთი მესამედი ბავშვია.