ჯონ კერი შესაძლო გარდამავალ მთავრობაში ასადის ადგილს ვერ ხედავს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ სირიის გარდამავალ მთავრობაში პრეზიდენტ ასადის შესვლა არ იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ ჯონ კერიმ რომში იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მათი მიზანი სირიაში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრაა, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა მოხდეს. კერის განცხადებით, ეს ნათლად გულისხმობს, რომ სირიის პრეზიდენტი გარდამავალი მთავრობის ნაწილი ვერ გახდება. სირიის მთავარი ოპოზიციური ორგანო სამშვიდობო პროცესის დაწყებას და პრეზიდენტ ასადის და უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელთა გადადგომას ითხოვს. კვირის დასაწყისში, ჯონ კერიმ და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის იდეა გაახმოვანეს, სადაც მთავარი თემა სირიის თემა იქნება.