გაეროს განცხადებით, სამშაბათს გოლანის მაღლობებიდან შეიარაღებულმა პირებმა სამშვიდობო ძალების 4 ჯარისკაცი გაიტაცეს.
ეს გოლანის მაღლობებიდან გაეროს სამშვიდობოების გატაცების მეორე შემთხვევაა. გაერომ უკვე დაიწყო გატაცებული ჯარისკაცების განთავისუფლების ოპერაცია. აღსანიშნავია,რომ ოთხივე ჯარისკაცი ფილიპინებიდანაა.
გაეროს წარმომადგენლის მარტინ ნესირკის განცხადებით, გატაცებაზე პასუხისმგებლობა იარმუკის ბრიგადების სახელით ცნობილმა დაჯგუფებამ იკისრა, რომელიც მანამდე 21 ფილიპინელი მშვიდობისმყოფელის გატაცებაში მონაწილეობდა. ნესირკის განცხადებით:
“ ეს იგივე ჯგუფია, რომელიც პასუხისმგებელი იყო ადრე მომხდარ გატაცებაზე. ამჟამად მეტს ვერაფერს ვიტყვით გატაცებულთა ინტერესებიდან გამომდინარე.“
გაეროს სამშვიდობო ძალების დეპარტამენტის განცხადებით, სამხედროები სირიის მხარეზე მდებარე სპეციალური რაიონის პატრულირების დროს გაიტაცეს ქალაქ ალ-ჯამლას მახლობლად.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო ეს აქცია და სამშვიდობოების განთავისუფლება მოითხოვა.
1974 წლის ომის შემდეგ სირია-ისრაელის სასაზღვრო რაიონს და გოლანის მაღლობებს ათასამდე გაეროს სამშვიდობო ჯარისკაცი აკონტროლებს. ამ რაიონში გასაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ.
გაეროს სამშვიდობო კონტიგენტის 21 სამხედრო მოსამსახურე მარტში გაიტაცეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. უსაფრთხოების პრობლემების და ამ რაიონის სისტემატური დაბომბვის გამო გაეროს მისიამ შესაძლოა შეაჩეროს სამშვიდობო მანდატის მოქმედება.