ბრძოლები სირიაში

სირიელი ამბოხებულები ასადის მთავრობას მასობრივ მკვლელობაში სდებენ ბრალს
სირიის ოპოზიციის ცნობით, ასობით სუნიტი მუსლიმი სანაპირო ქალაქ ბანიას ტოვებს. ამის მიზეზი ახლომდებარე სოფელში მასობრივი მკვლელობა გახდა. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის ცნობით, ოჯახებმა ქალაქის დატოვება დღეს დილით დაიწყეს. პარასკევს სირიის ოპოზიციამ პრეზიდენტ ასადის მთავრობას ფართომასშტაბიან მკველობაში დასდო ბრალი, რომელიც მათი ცნობით ჩრდილოდასავლეთში მდებარე სოფელ ბაიდაში მოხდა. მათი ინფორმაციით, მასობრივი ხოცვის დროს 150 ადამიანი მოკლეს. ბაიდა სუნიტი მუსლიმებით დასახლებული სოფელია, სადაც ამბოხებულთა მოძრაობას უჭერდნენ მხარს.
პარასკევს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის სირიაში სახმელეთო ჯარების გაგზავნის საკითხს არ განიხილავს.