აფხაზები სირიიდან მუჰაჯირებს ელიან

აფხაზთა "საგარეო საქმეთა სამინისტრო" სირიაში შექმნილი უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს გამოახმაურა და მზადყოფნა გამოთქვა, აფხაზური ფესვების მქონე სირიის მოქალაქეებს, ოკუპირებულ აფხაზეთში რეპატრიაციის პროცესში დახმარება აღმოუჩინოს.

სეპარატისტული სოხუმის ოფიციალურ განცხადებაში კერძოდ ნათქვამია, რომ „სირიაში მცხოვრები აფხაზები, აფხაზი ხალხის განუყოფელი ნაწილია. სირიაში მიმდინარე მოვლენების მთელი სიმწვავის გათვალისწინებით, მზად ვართ ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციაში სირიის აფხაზური დიასპორის იმ წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, რომლებიც ასეთ სურვილს გამოთქვამენ.“

ამ განცხადების პარალელურად, გავრცელდა აფხაზთა "პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი", ხუთი აფხაზური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ „ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ქართველი აგრესორების განდევნაში 1992-93 წლებში, არ უნდა დარჩნენ ჩვენი ყურადღების გარეშე მათთვის მძიმე დღეებში“. ამ მიმართვას, სხვებთან ერთად ხელს აფხაზთა ყოფილი პრემიერი და თადაცვის მინისტრი რაულ ჰაჯიმბაც აწერს.

23 მილიონიან სირიაში მხოლოდ 5000-მდე აფხაზი ცხოვრობს, თუმცა მათ ნაწილს მაღალი თანამდებობები უკავია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურებში.

აფხაზთა შთამომავლების დაწინაურება ჯერ კიდევ ბაშარის მამის, ჰაფეზ ალ ასადის მმართველობისას, მოხდა, როცა სირიაში ისლამისტი სუნიტების აჯანყებების დროს აფხაზურმა და ჩრდილო კავკასიური ხალხების დიასპორებმა მმართველი ელიტის მხარი დაიჭირეს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს

„სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მმართველობას სერიოზულად აქვს წყალი შემდგარი, დაახლოებით იმ ტიპის მოვლენები მიმდინარეობს, როგორც ლიბიაში. და ზუსტად, აფხაზური და ჩრდილო კავკასიური ხალხების დიასპორებიდან გამოსული სამხედროები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან პრეზიდენტ ალ ასადის ძირითადი დასაყრდენი.

ჩავთვალოთ, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურების ძირითადი დასაყრდენი, იმიტომ, რომ სირია არის ერთადერთი ქვეყანა წინა აზიაში, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში ტრადიციულად დიდი გავლენა აქვს.

ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელიც აქვს რუსეთს დარჩა ხმელთაშუა ზღვაში, განლაგებულია სწორედ სირიის ქალაქ ტარტუსში. სადაც ამჟამად იმყოფება, რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი.“

სეპარატისტული სოხუმის განცხადება 30 დეკემბერს გავრცელდა, ზუსტად ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის სუბიექტმა - ადიღეს რესპუბლიკის პარლამენტმა, სირიიდან ადიღეში 100 ადიღური ოჯახის გადმოსახლებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

სირიაში აფხაზურზე უფრო დიდი და გავლენიანი ჩერქეზული ხალხების დიასპორაა, რომელიც ასევე პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის სამსახურშია და რეჟიმის დაცემის შემთხვევაში, გარდაუვალი შურისძიება ელის.

სწორედ ამ საფრთხის გამო, დეკემბრის ბოლოს, სირიის ჩერქეზული ხალხების დიასპორის 170-ზე მეტმა ოჯახმა, რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, ნება დართოს რუსეთის ტერიტორიაზე გადასახლებაში.

სირიიდან რეპატრიაციის პროცესს ოფიციალური მოსკოვიც მხარს უჭერს. რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო თანხები და თითოეული რეპატრიანტის ოჯახი 5 მილიონ რუსულ რუბლს მიიღებს. სირიიდან ანალოგიურ თხოვნას უკვე განიხილავს ყარაჩაი-ჩერქეზეთის პარლამენტიც.

ექსპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს სირიის მოქალაქეების ჩასახლებას აფხაზეთშიც, მით უმეტეს, აფხაზეთიდან უკვე გაისმა მოწოდება, რომ რუსეთმა რეპატრიაციის პროცესი დააფინანსოს.

„პრაქტიკულად, დღეს მუჰაჯირების დაბრუნების საკითხში რუსეთის აქტივობა აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ ზუსტად განპირობებულიაა იმით, რომ მათ თავისი ერთგული ხალხი სჭირდებათ აფხაზეთში.

რასაკვირველია, მათ სჭირდებათ, იმ ტიპის, ეროვნებით აფხაზები, რომლებიც მათი ერთგულნი იქნებიან. ანუ სავარაუდოდ, დამარცხებული და განადგურებული სირიის ბაშარ ალ ასადის სახელისუფლებლო სტრუქტურების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ასადების რეჟიმს წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ, უნდა მოხვდნენ აფხაზეთში.“

სირიაში მცხოვრები აფხაზები, იმ მუჰაჯირების შთამომავლები არიან, რომლებიც რუსეთმა აფხაზეთიდან 1821-1877 წლებში მასობრივად გაასახლა.

აფხაზი მუჰაჯირების ყველაზე დიდი რაოდენობა, დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, თურქეთში ცხოვრობს, თუმცა სირიელი აფხაზებისგან განსხვავებით, მოსკოვი თურქეთის აფხაზობისა და ჩრდილო კავკასიელი ხალხების შთამომავლების მასობრივ გადმოსახლებას აფხაზეთსა და ჩრდილო კავკასიაში ეწინააღმდეგება.

დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ რუსეთი არც სირიიდან არის დაინტერესებული ყველა პოტენციური რეპატრიანტი (70 ათასზე მეტი) მიიღოს.

ადიღესა და აფხაზეთში 200-მდე სირიელი ოჯახის გადმოსახლების წახალისებით, მოსკოვი ერთის მხრივ ცდილობს, შეარბილოს ჩერქეზი ხალხების დიასპორების მკვეთრი პროტესტი - სოჭის 2012 წლის ზამთრის ოლიმპაიდის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ, რამდენიმე კავკასიური ინიციატივა წაართვას და კიდევ უფრო ავნოს საქართველოს, რომელმაც გასულ წელს, რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდი პირველმა სცნო.

ანალოგიური „კეთილი ჟესტი“ მოსკოვმა კოსოვოს კრიზისის დროსაც გააკეთა, როცა ისტორიულ სამშობლოში კოსოვოელი ადიღეელების 200-მდე ოჯახი დააბრუნა.