მექსიკაში ცოცხლად დარჩენილი ორი ამერიკელი სამშობლოში დააბრუნეს

წითელი ჯვრის ორგანიზაციას ცოცხლად გადარჩენილი ორი ამერიკელი გადაჰყავს. 7 მარტი, 2023 წ. მატამოროსი, მექსიკა.

მექსიკაში კოსმეტიკური ოპერაციის გაკეთების მიზნით ჩასული 4 ამერიკელის ავტომობილი ადგილობრივ ნარკოკარტელებს შორის ატეხილ სროლაში მოყვა. მათ შორის ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორი კი დღეების მანძილზე ტყვედ ჰყავდათ და მათი სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ სამშაბათს, 7 მარტს გახდა შესაძლებელი.

ინფორმაციას ტეხასის შტატის ოფიციალური პირები ავრცელებენ. გადარჩენილები გამოძიების ფედერალური ბიუროს მანქანებით ტეხასის ტეხასის ქალაქ ბრაუნსვილის საავადმყოფოში მიაცილეს, სადაც ისინი ახლა მკურნალობას გადიან. ერთ-ერთი მათგანი ფეხშია დაჭრილი და ექიმების ცნობით, ჭრილობა სასიკვდილო არ არის. მექსიკელმა სამართალდამცავებმა მათ ერთ-ერთი სოფლის განაპირა ქოხში მიაგნეს.

როგორც ირკვევა, ამერიკის მოქალაქეები სროლაში პარასკევს, საზღვრის გადაკვეთიდან მალევე, ქალაქ მატამოროსში მოყვნენ. მექსიკის ამ სასაზღვრო რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ნარკოკარტელების წევრები იმ დღეს მანქანებით ქუჩებში დაქროდნენ და განურჩევლად ისროდნენ.

ასევე ნახეთ: მექსიკაში წელს რეკორდულად ბევრი ჟურნალისტი მოკლეს