ციმბირში აფეთქებულ ქვანახშირის მაღაროში გადარჩენილი მაშველი იპოვეს

რუსეთში, ციმბირის ქვანახშირის მაღაროში მომხდარ ხანძარში, სავარაუდოდ ათობით ადამიანი გარდაიცვალა. მეთანის აფეთქების შედეგად დაკარგულებს ჯერ კიდევ ეძებენ.

კემოროვოს რეგიონის გუბერნატორი სერგეი ცივილიოვი ამბობს, რომ მაშველებმა ერთი გადარჩენილი იპოვეს. ის ლისტვიაჟნაიას მაღაროში მუშაობდა და ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. საგანგებო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდერ ჩუპრიანი ამბობს, რომ გადარჩენილი მოქალაქე ერთ-ერთი მაშველია, ალექსანდერ ზაკოვრიაშინი, რომელსაც აქამდე გარდაცვლილად მიიჩნევდნენ და მისი გადარჩენა "სასწაულის" ტოლფასია.

როდესაც მაშველებმა ზაკოვრიაშინი იპოვეს, ის გონებაზე იყო და საავადმყოფოში შესვლისას CO-თი მოწამვლის შედარებით მსუბუქი დიაგნოზი დაუსვეს.

ხუთშაბათს ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ აფეთქებას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 11 მაღაროელი და სამი მაშველია, რომლებიც მაღაროს სიღრმეში მოყოლილ თანამშრომლებს ეძებდნენ. პარასკევს კიდევ 6 ადამიანის სხეული იპოვეს. დაკარგულად კი კიდევ 31 ადამიანი მიიჩნევა. სავარაუდოდ, აფეთქებას 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.