ქვანახშირის საბადოზე მომხდარ ავარიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების საფრთხის გამო, შეწყვეტილია იმ ადამიანთა გადარჩენის სამაშველო ოპერაცია, რომლებიც მიწის ქვეშ არიან მოქცეული. ასეთი მაღაროში მყოფი ათობით ადამიანია.
საინფორმაციო სააგენტო „ტასი“, ადგილობრივ სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ კემეროვოს რეგიონში მდებარე მაღაროში, ქვანახშირის მტვერს ხანძარი გაუჩნდა და სავენტილაციო მილები კვამლით აივსო.
„აფეთქების შანსი ძალიან მაღალია. ამიტომ, გადავწყვიტეთ შევაჩეროთ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები იქამდე, ვიდრე გაზის კონცენტრაცია შემცირდება“ - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, სერგეი ცივილევმა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე, მეთანისა და CO2-ის დონე სახიფათოდ მაღალია.
გუბერნატორის ინფორმაციით, უკვე დასტურდება 11 ადამიანის გარდაცვალება. ამასთან 35 ადამიანი კვლავ მაღაროში რჩება. ათობით ადამიანი უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის დროს მაღაროში 285 ადამიანი იმყოფებოდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ მინიმუმ 239-მა ადამიანმა მაღაროს დატოვება შეძლო, თუმცა დაკვამლიანების მიზეზეზე უწყება არ საუბრობს.
მომხდართან დაკავშირებით სატელევიზიო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მომხდარი „დიდი უბედურებაა“.
„სამწუხაროდ, ვითარება არ იოლდება. მაშველების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენას შეძლებენ“ - აცხადებს პუტინი.
კემოროვოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
რეგიონში არსებულ მაღაროებში მსგავსი ავარიები ხშირია. 2007 წელს, იქ მაღაროს აფეთქებას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქებისას, 2010 წელს 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
საგამოძიებო კომიტეტის რაიონულ განყოფილებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით არის აღძრული.
Facebook Forum