საქართველოს დელეგაციამ ქარტიის ფარგლებში ვიზიტი დაასრულა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრით ქარტიის ფარგლებში დაგეგმილი ყოველწლიური ვიზიტი დასრულდა.

შეერთებული შტატების მხრიდან ჯგუფს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში რობერტ მანოგიუ და ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის გლობალური ბაზრის აღმასრულებელი დირექტორი სკიპ ჯონსი უხელმძღვანელობდნენ. საქართველოს დელეგაციის ლიდერები კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე იყვნენ.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მხარეებმა შემაჯამებელი განცხადებები გააკეთეს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა:
„ჩატარებული შეხვედრა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც მიეძღვნა ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის მიმართულებას, იყო უაღრესად წარმატებული. განვიხილეთ ამერიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში მაღალი დონის დიალოგის გაღრმავების საკითხს. აღნიშნული დიალოგის მიზანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის გაღრმავება, მათ შორის, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხილვა.“

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ წარმოადგინა დეტალური სამოქმედო გეგმა და ხედვა იმისა, თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს ამერიკა-საქართველოს როგორც სახელმწიფოთაშორისი, ასევე ბიზნეს სფეროებს შორის ურთიერთობები. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იყო საქართველოს ენერგო უსაფრთხოება, მიწოდების დივერსიფიცირება და საქართველოს რეგიონალურ სატრანსპორტო ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები.“

რობერს მანოგიუს თქმით: „სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ჩვენს [ქვეყნებს] შორის მყარი ორმხრივი ურთიერთობის დასტურია. ხალხთაშორის ურთიერთობის გარდა, ქარტია ასევე მოიაზრებს ჩვენს საერთო ღირებულებას, რომ ეკონომიკური რეფორმები სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. [...] „ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ, საქართველოში ისტორიული ცვლილებები მოხდა, რომლებსაც კარგად ადმინისტრირებული საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვა. ჩვენ საქართველოს ვულოცავთ კიდევ ერთი დეკოკრატიული არჩევნების ჩატარებას. დღეს განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკური რეფორმები და 2020 წლისთვის ეკონომიკური სტრატეგია, კონკურენციის პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.“

მანოგიუს თქმით, შეხვედრაზე ასევე იყო განხილული საქართველოს ენერგო უსაფრთხოება, მისი როლი სამხრეთ კავკასიის ენერგო დერეფანში და ქვეყნის ჰიდრო ენერგო რესურსების გამოყენების პერსპექტივები. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხარეები აგრძელებენ თანამშრომლობას ვაჭრობის სფეროში, რაშიც „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემუშავების პერსპექტივაც შედის.“

სახელმწიფო დეპარტამენტში 13 დეკემბერს გამართული ამ შეხვედრით დასრულდა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ოთხივე მიმართულებით მიმდინარე ყოველწლიური სამუშაო შეხვედრები.