აქციების და არეულობისთვის მზადება ვაშინგტონში და ნიუ-იორკში

3 ნოემბრის არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანია კულმინაციას უახლოვდება. პრეზიდენტი ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი ე.წ. მერყევ შტატებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ეს შტატები ხშირად ამერიკის პრეზიდენტის ბედს წყვეტს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ფინიშის ხაზთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით რეიტინგებში ჯო ბაიდენი ლიდერობს.

ასევე ნახეთ: ტრამპი/ბაიდენი - საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღე რჩება

პოლიტიკური პროცესების პარალელურად კი ამერიკული ქალაქები მოსალოდნელი საპროტესტო აქციებისთვის და არეულობისთვის ემზადება.

უკვე რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში, ამერიკის დედაქალაქში, მაღაზიების და კაფეების ნაწილი იხურება. კერძო ბიზნესები ხის ფიცრებს აკრავენ მათ საკუთრებაზე და ასე ცდილობენ თავიდან აირიდონ შესაძლო ზიანი.

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონში და ნიუ-იორკში მოსალოდნელი აქციებისთვის ემზადებიან

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, აქციის მონაწილეთა რადიკალური ნაწილი არბევდა და ანადგურებდა როგორც სახელმწიფო შენობების ნაწილს, ისე კერძო სექტორის ქონებას.

დედაქალაქის მსგავსად, კერძო ბიზნესები მოსალოდნელი არეულობისგან თავის დაცვას ნიუ-იორკშიც ცდილობენ. ქალაქის სხვადასხვა უბანში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს შუშიანი შენობების ხის მასიურ კონსტრუქციაში მოსაქცევად.

ასევე ნახეთ: ამერიკული დილემა: თუ არჩევნებზე გამოკვეთილი ლიდერი არ იქნა...