სტოლტენბერგი: ნატო ავღანეთიდან არ გამოვა სანამ ამისთვის სათანადო პირობები არ შეიქმნება

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თალიბანმა მეტი უნდა გააკეთოს 2020 წელს შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესასრულებლად. შეთანხმების საფუძველზე, საერთაშორისო ძალები ავღანეთიდან მაისამდე უნდა გამოვიდნენ.

ასევე ნახეთ: პუტინი: "დასავლეთს ჩვენი წარმატება აღიზიანებს"

სტოლტენბერგმა ეს განცხადება ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. პრესკონფერენცია წინ უსწრებს 29 თებერვალს დაგეგმილ ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას, რომელზეც ავღანეთში ნატოს ყოფნის თემა და სამშვიდობო შეთანხმება უნდა განიხილონ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი ავღანეთიდან დაჩქარებულად არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ იქცეს საერთაშორისო ტერორისტების თავშესაფარად.

„თალიბანს ჯერ ისევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ საკუთარი პირობა შეასრულოს, მათ შორის, ტერორისტებთან კავშირების გაწყვეტა და ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დახმარების აღმოჩენის შეწყვეტა“, თქვა სტოლტენბერგმა.

„ქვეყანაში ჩვენი დარჩენა პირობებს უკავშირდება. არცერთ მოკავშირეს არ სურს ავღანეთში საჭიროზე მეტ დროს დარჩენა, მაგრამ ჩვენ არ გამოვალთ, სანამ ამისთვის სათანადო დრო არ იქნება“, დასძინა მან.