რა უნდა ვიცოდეთ პრეზიდენტ ტრამპის ერისადმი მიმართვის შესახებ

4 თებერვლის საღამოს, დონალდ ტრამპი ამერიკის მესამე პრეზიდენტი გახდება, რომელიც კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვით, მისი იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად წარდგება. ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ თეთრ სახლს შესაძლოა გამოსვლის თარიღი გადაევადებინა, რათა ის სენატში იმპიჩმენტის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულიყო. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, დაგეგმილ დროს ისაუბროს “იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ის”.

როგორც წესი, პრეზიდენტები მათ საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიღწევებზე, ასევე სხვა სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ საკითხებსა და გამოწვევებზე საუბრობენ. პრეზიდენტების გამოსვლას იმის მიხედვით აფასებენ, თუ რამდენად შეძლებენ ისინი დადებითი მუხტის გადაცემას და პარტიულ დაყოფაზე მაღლა დადგომას. მიმართვას მედია-საშუალებები პირდაპირი ეთერით გადასცემენ.

გარდა ამისა, პრეზიდენტებს შეუძლიათ სხდომაზე სპეციალურად მიიწვიონ მოქალაქეები. ხშირად ეს მოქალაქეები იმ თემებსა თუ სკაითხებთან არიან დაკავშირებულნი, რომელთა ხაზგასმაც პრეზიდენტს სურს. წელს სტუმრებს შორის იქნებიან ერაყში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცის ცოლ-შვილი ოკლაჰომიდან, არალეგალი იმიგრანტის მიერ მოკლული მოქალაქის ძმა კალიფორნიიდან, რამდენიმე ვეტერანი, საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომელი და ა.შ.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მიმართვის შემდეგ, დემოკრატების სახელით, მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი და ტეხასელი კონგრესმენი ვერონიკა ესკობარი ისაუბრებენ.

პრეზიდენტის გამოსვლა, 2019 წელი

რა არის “State of The Union”

ამ ყოველწლიური გამოსვლის გავრცელებული სახელი პირდაპირ თარგმანში “კავშირის მდგომარეობას” ნიშნავს. ეს არის მიმართვა, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი შეერთებული შტატების კავშირის, მათი ერთობის მდგომარეობის თაობაზე, კონგრესსა და საზოგადოებას წლის ანგარიშს წარუდგენს.

ბოლო დროს, მიმართვა თებერვლის დასაწყისში ხდება, და პრეზიდენტის შემდეგ, სიტყვით უმცირესობის ლიდერი, ან პარტიის მიერ შერჩეული წარმომადგენლები გამოდიან. თუმცა, კანონით განსაზღვრული არაა, თუ რა ფორმით და კონკრეტულად როდის უნდა შედგეს ეს კომუნიკაცია ამერიკის მოქალაქეებთან. 1934 წლამდე ის დეკემბერში იმართებოდა ხოლმე.

კონსტიტუციური ანგარიშვალდებულება

პრეზიდენტის მოხსენების საფუძვლები ამერიკის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. კონსტიტუციის მეორე მუხლის მესამე ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას დროდადრო ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შტატების მდგომარეობის შესახებ და მათი რეკომენდაციებიც მოისმინოს. გაერთიანებული ნიშნავს იმას, რომ დარბაზში როგორც წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები, ასევე სენატორებიც არიან. მართალია, არსადაა გაწერილი ის, რომ ეს უშუალოდ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, მაგრამ ტრადიცია უკვე ამგვარად ჩამოყალიბდა.

ტრადიცია და რეალობა

წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს ყოველწლიური ანგარიში კონგრესს წერილობითი ფორმით ბარდებოდა. პირველი, ე.წ. წლიური ანგარიში კონგრესს პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა წარუდგინა. იმხანად, 1785-1790 წლებში ნიუ-იორკი ქვეყნის დედაქალაქი იყო. ამის შემდეგ, ვაშინგტონის მსგავსად მოიქცა ჯონ ადამსიც, მისი ერთი ვადით პრეზიდენტობისას. ტომას ჯეფერსონმა ეს ტრადიცია კვლავ წერილობითი გზავნილით ჩაანაცვლა, სანამ ვუდრო უილსონმა ის ისევ სიტყვის წარმოთქმით არ განაახლა. მას შემდეგ პრეზიდენტები ძირითადად პირადად წარდგებიან ხოლმე კონგრესის წინაშე, ქვეყნის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ სასაუბროდ.

2019 წელი, კონგრესმენი ქალების ნაწილი პრეზიდენტს სუფრაჟისტების მოძრაობის წევრების მსგავსად თეთრ სამოსში გამოწყობილები დახვდნენ.

პრეზიდენტის ანგარიშვალდებულების ამ ფორმას მანამდე “ყოველწლიურ ანგარიშს”, “წლიურ გზავნილს” ან სხვა სახელებს უწოდებენ. თუმცა ახლანდელი ტერმინი State of the Union (SOTU) პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გამოიყენა და დაამკვიდრა.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი კონგრესის წინაშე ოვალური კაბინეტის დაკავებიდან 10 დღის შემდეგ წარდგა. მისი ეს სიტყვა ისტორიკოსებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი გამოსვლა, სადაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა, სუფთა წყლის მარაგები იწურებოდა, ქალაქებს ნაგავი ფარავდა და ა.შ. თუმცა, მან კიდევ უფრო მწვავედ საგარეო გამოწვევებზე ისაუბრა.

ახალარჩეულ პრეზიდენტთა უმრავლესობა ამ ანგარიშისთვის “კავშირის მდგომარეობის” დარქმევისგან ხშირად თავს იკავებს. რეიგანმა, ტრამპმა, ჯორჯ ბუშმა უმცროსმა და უფროსმა, ბილ კლინტონმა, ბარაკ ობამამ ეს სახელი არ გამოიყენეს. ზოგიერთმა თავის პირველ გამოსვლას “ადმინისტრაციის მიზნები”, ზოგმა კი უბრალოდ “კონგრესისადმი მიმართვა” უწოდა.

დონალდ ტრამპის გამოსვლა, 2019 წელი

მაშინ, როდესაც კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვების შინაარსი ცოტას თუ ახსოვს, ზოგიერთი მიმართვა ამერიკის ისტორიაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. ჯეიმს მონტომ სწორედ ამ გამოსვლისას ისაუბრა ე.წ. მონროს დოქტრინის შესახებ, 1823 წელს. თეოდორ რუზველტმა კი 1941 წელს 77-ე მოწვევის კონგრესის წინაშე ცნობილი სიტყვა წარმოთქვა “ოთხი თავისუფლების” შესახებ.

ტრამპი და მისი მიმართვის დრო

პრეზიდენტის წლევანდელი გამოსვლის დრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. პირველ ყოვლისა, ის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად გაიმართება და მეორეც, თუკი პრეზიდენტი ნოემბრის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ეს ამ პოსტზე მისი უკანასკნელი გამოსვლა იქნება, კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე.

ბილ კლინტონი, 24 იანვარი, 1995 წელი.

იმპიჩმენტის პარალელურად მოუწია სიტყვით გამოსვლა ბილ კლინტონსაც. „მოდით, ამ ამერიკული საუკუნის გადმოსახედიდან როგორც ერთმა ერმა გავიხედოთ მომავლისკენ და ვთხოვოთ ღმერთს, დალოცოს ჩვენი მისწრაფებები და ჩვენი საყვარელი ქვეყანა“, - ამბობდა კლინტონი 1999 წლის მოხსენებაში, რომელშიც იმპიჩმენტი დემოკრატ პრეზიდენტს საერთოდ არ უხსნებია.

კიდევ უფრო ადრე კი, 1974 წელს რიჩარდ ნიქსონი იყო პრეზიდენტი, რომელმაც „უოტერგეიტის სკანდალისა“ და საიმპიჩმენტო გამოძიების პარალელურად, თავისი სიტყვის დიდი ნაწილი საკუთარი თავდაცვისთვის გამოიყენა.

რაც არ უნდა მოხდეს იმპიჩმენტის პროცესში, ტრამპი ალბათ მაინც ტრადიციულად, სხვა გამოსვლების მსგავსად, ოპტიმისტური შემართებით მიმართავს ხალხს. რესპუბლიკელთა ნაწილმა აღნიშნა, რომ ისურვებდა სიტყვისას იმპიჩმენტზე აქცენტი არ გამახვილდეს, თუმცა სავარაუდოდ, პრეზიდენტი თავის ეკონომიკურ მიღწევებთან ერთად, ამ პროცესსაც აღნიშნავს და მის ავტორებს შესაძლოა კიდევ ერთხელ დაესხას თავს.

პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი, 4 იანვარი 1939 წელი.

თუმცა გამორიცხული არაა, პრეზიდენტმა სულაც არ ახსენოს იმპიჩმენტი, რადგან ანალიტიკოსების უმრავლესობა სიტყვით გამოსვლის მომდევნო დღეს, სენატში მის გამამართლებელ გადაწყვეტილებას მოელის. როგორც ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომელი ამბობს, პრეზიდენტი არ ისაუბრებს მომავალი საპრეზიდენტო ვადის მიზნებზე, არამედ იმ თემებზე, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია რესპუბლიკელ ამომრჩეველში. ის ხაზს გაუსვამს განახლებულ სავაჭრო შეთანხმებებს მექსიკასთან, კანადასა თუ ჩინეთთან, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებას და ა.შ.

„ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება, უმუშევრობა უკიდურესად დაბალ მაჩვენებელზეა. მათ შორის აფრო-ამერიკული და ესპანურენოვანი მოსახლეობის უმუშევრობის მაჩვენებლები რეკორდულად დაბალია. ამ ტიპის მიღწევებზე, ვფიქრობ, პრეზიდენტს საუბარი ენდომება, იმის მიუხედავად, თუ რა ხდება კონგრესში, მათ შორის იმპიჩმენტიც”, - ამბობს ჰანს ვონ სპაკოვსკი „ჰერიტიჯის ფონდიდან.“

პრეზიდენტის გამოსვლა კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე, ვაშინგტონის დროით, საღამოს 9 საათზე დაიწყება და მისი ნახვა არა მხოლოდ საკაბელო ტელევიზიების, არამედ სოციალური ქსელების მომხმარებლებსაც პირდაპირ ეთერში შეეძლებათ.