ვაშინგტონი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატები ყაზახეთს დახმარებას სთავაზობს. ცოტა ხნის წინ, კი ყაზახ კოლეგას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა.

„ცოტა ხნის წინ პროდუქტიული საუბარი მქონდა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყაზახეთის კონსტიტუციურ ინსტიტუტებს და პროცესების მშვიდობიან, დიპლომატიურ გადაწყვეტას,“- წერს ენტონი ბლინკენი "ტვიტერზე."

მანამდე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ყაზახეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ვაშინგტონი მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

Your browser doesn’t support HTML5

ყაზახეთში ვითარება უკიდურესად არის დაძაბული

„შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს. ვგმობთ ძალადობას და ქონების განადგურების მცდელობის ფაქტებს. როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ხელისუფლებას, თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ“-წერია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზახეთს ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს და მედიის თავისუფლებისა და ინტერნეტის სერვისის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ასევე ნახეთ: რუსული დესანტი ყაზახეთში - ვითარება კვლავ რთულია


„მოვუწოდებთ მხარეებს იპოვონ საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტა,“- წერია სახელმწიფო დეპრატამენტის განცხადებაში.

ყაზახეთში ამ დროისთვის სროლის ხმა ისმის. დაღუპულია ათობით ადამიანი, პარალელურად, ქვეყანა რუს და ბელარუსელ სამხედროებს ელოდება. პროტესტი ყაზახეთში საწვავის ფასების ზრდამ გამოიწვია, მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობები და აეროპორტი დაარბიეს, აქციის მონაწილეების მოთხოვნით ყაზახეთის მთავრობა გადადგა.