4 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, 81 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მიიღეს კანონპროექტების პაკეტი, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტი 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა და ბევრი შეფასებით, ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. კანონპროექტის დამტკიცებას მმართველი პარტია, საშემოდგომო სესიაზე სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.
კანონპროექტის მიღებას განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი პეტერ სტანო. მისი განცხადების ქართული თარგმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გმობს ამ კანონპროექტთა პაკეტს, რადგან ის ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
„ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული. ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა“, - ვკითხულობთ პეტერ სტანოს განცხადებაში.
ასევე ნახეთ: ევროკავშირმა 35 მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შეთავაზება შეაჩერაევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს.
განცხადებაში აგრეთვე ნახსენებია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.
„ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს“, - აღნიშნავს პეტერ სტანო.
განცხადების თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.
„ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს“, - წერია პეტერ სტანოს განცხადებაში.
ასევე ნახეთ: მილერი: "ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონის აღსრულება"მეორე მოსმენით მიღებული პროექტი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ - დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ კრიტიკული რეკომენდაციები გამოაქვეყნა და პარლამენტს მოუწოდა არ გააგრძელონ მასზე მუშაობა.