ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველოს 35 მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შეთავაზება შეჩერებულია. საელჩო მიზეზად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.
„პროექტის ფარგლებში 35 მუნიციპალიტეტს გადაეცა გრანტი (თითოეულს 5000 ევროს ოდენობით) შემოქმედებითი სივრცეების ან მომავალში შემოქმედებითი დანიშნულებით გამოყენების პოტენციალის მქონე სივრცეების გამოვლენის, ფიზიკური აღნუსხვისა და ფოტოდოკუმენტირებისთვის. ასეთი სივრცეების აღნუსხვა 2024 წლის აპრილიდან - ივნისამდე პერიოდში განხორციელდა.
ფიზიკური აღნუსხვის შემდეგ, მასში მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებოდათ მონაწილეობა მიეღოთ შემოქმედებითი რესურსების შესწავლისთვის განკუთვნილ საგრანტო კონკურსში. საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ევროკავშირის დახმარებაზე მისი ზემოქმედების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნების გათვალისწინებით, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შესაძლებლობის შეთავაზება ამ ეტაპზე შეჩერებულია“, - ვკითხულობთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე.
საელჩო აღნიშნავს, რომ „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ გააგრძელებს საქმიანობას საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი და კულტურის სექტორის მდგრადი მხარდაჭერისთვის.
„შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ არის პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას ემსახურება. ევროკავშირის დაფინანსებული 4-წლიანი პროექტი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი დარგის განვითარების გზით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად, როგორც წარმომადგენლობა აღნიშნავს, პროექტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ესენია: შემოქმედებითი რესურსების გამოვლენა, გაძლიერება და გამოყენება, შემოქმედებითი სივრცეების განვითარება, დაფინანსების შესაძლებლობების შექმნა, მეწარმეობის ხელშეწყობა და დარგთაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტი მრავალმხრივ მიდგომას იყენებს, რომელიც გულისხმობს დაფინანსების სხვადასხვა სახის საქმიანობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის გადაცემას.
2 სექტემბერს წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ ილაპარაკა „შემოქმედებითი კომპასისგან“ მიღებულ წერილზე, რომელშიც პროექტის შეჩერების შესახებ წერია.
ხარჩილავამ მედიას გააცნო წერილის შინაარსი: „ევროპის საბჭოს 2024 წლის 24 ივნისის დასკვნების გათვალისწინებით, რომელიც ეფუძნება, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მის გავლენას ევროკავშირის დახმარებაზე, გაცნობებთ, რომ პროექტის „შემოქმედებითი კომპასი “ ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტის მერიებისთვის ახალი საგრანტო შესაძლებლობის შეთავაზება ამ ეტაპზე შეჩერებულია. ამგვარად, საგრანტო კონკურსი შინაარსობრივი აღნუსხვის განსახორციელებლად არ გამოცხადდება“.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა 2024 წლისთვის საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) 30 მილიონი ევროს ოდენობით მხარდაჭერა შეაჩერა.
„სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, განიხილება სხვა ზომების მიღებაც... ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ“, - თქვა 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ უხსნიდა, რა შედეგი მოჰყვებოდა ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღებას. ქვეყნის მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიზანი მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობა და უცხოური ინტერესების გამოვლენაა. დასავლელი პარტნიორები "ქართულ ოცნებას" კვლავ მოუწოდებენ უარი თქვას ამ კანონის აღსრულებაზე და გათვალისწინებული ზომების გამოყენებაზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება შეუჩერა და მმართველი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენლისა დ ამათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებიც დააწესა.