დღეს, ირანის სამხედრო მეთაურის ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის პროცესიაში, ჭყლეტვაში მოყოლილი, სულ ცოტა, 40 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა 213-ს აღწევს. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. მომხდარის გამო, ქალაქ ქერმანში დაკრძალვის ცერემონია შეაჩერეს.
სოლეიმანის მშობლიური ქალაქის ქუჩებში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დღეს დილიდან ათობით ათასი მგლოვიარე გამოვიდა. გენერალი ყასემ სოლეიმანი ერაყში, ამერიკული დრონით მიტანილი იერიშის შედეგად გარდაიცვალა.
თეირანში საპასუხო ნაბიჯზე მსჯელობენ. ირანის გავლენიანი გენერლის მოკვლამ რეგიონში ახალი კრიზისი გამოიწვია და კიდევ უფრო გაართულა ამერიკა-ირანის დაძაბული ურთიერთობა. იზრდება ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩათრევის შიშიც.