32 წელი სპიტაკის მიწისძვრისდან

AFP

32 წლის წინ, 7 დეკემბერს, სომხეთის ჩრდილოეთით, საქართველოს საზღვართან ახლოს, ორმა ძლიერმა მიწისძვრამ 25 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რიხტერის შკალით 6.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა 80 კილომეტრის დიამეტრის ფართობზე იგრძნობოდა. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ზოგიერთი ტერიტორია მას შემდეგ სრულად დღემდე არ აღდგენილა.

მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, სომხეთის ქალაქ სპიტაკსა და კიროვაკანში ათასობით ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრამ ორივე ქალაქი თითქმის მიწასთან გაასწორა. დაღუპულთა შორის იყო ბევრი ბავშვი.

მიწისძვრა დილით, ადგილობრივი დროით 11 საათსა და 41 წუთზე მოხდა. ბავშვების უმეტესობა სკოლებში იმყოფებოდა, უფროსები - სამსახურებში. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მიწისძვრა ოდნავ გვიან რომ მომხდარიყო, ბავშვების დიდი ნაწილი სკოლების შენობების დატოვებას მოასწრებდა. პრაქტიკულად მთელ რეგიონში განადგურდა ელექტროგადამცემი სისტემები, წყალგაყვანილობა, გზები.

ყველაზე მძიმე შედეგები სპიტაკის შემდეგ ქალაქ ლენინაკანში იყო, რომელსაც ახლა გიუმრი ჰქვია. იქ მაშინ 300 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. მაშინდელი ლენინაკანი სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქი იყო და ის მიწისძვრის შემდეგ ბოლომდე არასდროს აღდგენილა. დაზიანდა ქალაქი ვანაძორიც - მაშინდელი კიროვაკანი. ერევანში მიწისძვრის სიმძლავრე 6 ბალი იყო.

მიხეილ გორბაჩოვმა შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა და დანგრეული ქალაქებისკენ გაემგზავრა. მან საბჭოთა ლიდერისთვის მანამდე უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა - საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის დახმარება სთხოვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, საბჭოთა ხელისუფლებამ "რკინის ფარდის" მიღმა უცხოური დახმარება და ტვირთი შეუშვა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში 2 000-მდე უცხოელი იყო ჩართული.ჰუმანიტარული დახმარება 100-მდე უცხოურმა თვითმფრინავმა ჩაიტანა.

ნაგებობების სეისმომედეგობის მიმართ გაჩენილი კითხვებმა აიძულა საბჭოთა ლიდერები, დაედოთ პირობა, რომ სპიტაკში ხუთ სართულზე მაღალი შენობა აღარ აშენდებოდა. თუმცა, მანამდე ლიდერებს მკაცრად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს სამაშველო სამუშაოების კოორდინირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა. კატასტროფისთვის მზად არავინ აღმოჩნდა. ზოგიერთი ანალიტიკოსი სპიტაკის მიწისძვრას საბჭოთა კავშირის ნგრევის ერთ-ერთ ადრეულ ნიშნადაც კი მიიჩნევდა, რომელმაც აჩვენა, რომ "სისტემა დანგრეული" იყო და რომ იზოლაციონისტური პოლიტიკა უნდა დასრულებულიყო.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ათწლეულების შემდეგაც გიუმრიში ათასობით ადამიანი რკინის კონსტრუქციებში აგრძელებს ცხოვრებას.