ესპანეთში წყალდიდობამ 64 ადამიანი იმსხვერპლა

ესპანეთის ვალენსიის პროვინციაში კოკისპირულმა წვიმებმა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი წყალდიდობა გამოიწვია. 30 ოქტომბრისთვის დაღუპულთა რიცხვმა 64-ს მიაღწია. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ზოგიერთი ადგილი ამჟამად მიუწვდომელი რჩება.

ქალაქ უტიელში ღამის განმავლობაში მაშველები დატბორილ ადგილებში მცირე ზომის ნავებს იყენებდნენ, რათა ადამიანები სამშვიდობოს გაეყვანათ.

მეტეოროლოგებმა თქვეს, რომ ვალენსიის ზოგიერთ ნაწილში რვა საათის განმავლობაში მთელი წლის ოდენობის ნალექი მოვიდა და დააზიანა რეგიონის ფერმები, რომელიც ესპანეთის ციტრუსის მოსავლის ორ მესამედს იძლევა. ესპანეთი მსოფლიოში ციტრუსის წამყვანი მიმწოდებელია.

ასევე ნახეთ: ისტორიული წყალდიდობის შემდეგ, პოლონელები დასუფთავებას შეუდგნენ

ვალენსიის რეგიონის ლიდერმა კარლოს მაზონმა თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ მიუწვდომელ ადგილებში იმყოფება.

„თუ (მაშველები) არ მივიდნენ, ეს არა საშუალებების არქონის, ან საჭირო ადგილებზე არყოფნის გამო მოხდა, არამედ წვდომის პრობლემის გამო“, თქვა მაზონმა პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ ზოგიერთ ადგილზე მისვლა „აბსოლუტურად შეუძლებელი“ იყო.

ცენტრალურ რეგიონ კასტილია ლა მანჩას ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ შტორმმა ორი ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულია.

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენის პირობა დადო და სატელევიზიო მიმართვის დროს თქვა: „მათთვის, ვინც ამ წუთებში თავის ახლობლებს ჯერ კიდევ ეძებს, მთელი ესპანეთი თქვენთან ერთად დარდობს“.

მადრიდისა და ბარსელონისკენ მიმავალი რკინიგზის რეისები წყალდიდობის გამო გაუქმდა და ყველაზე მეტად დაზარალებულ ადგილებში სკოლები და სხვა ძირითადი მომსახურებებიც შეჩერდა.

რეგიონის საგანგებო სამსახურებმა მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდეს მგზავრობას მოერიდონ და შემდგომ ოფიციალურ რჩევებს თვალი ადევნონ. ზოგიერთ ადგილზე, ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად საგანგებო სამხედრო დანაყოფები შეიყვანეს, რომელთა სპეციალიზაცია სამაშველო ოპერაციებია.

ამ ეტაპზე, მსხვერპლის რაოდენობიდან გამომდინარე, ეს წყალდიდობა ევროპის ყველაზე უარესი წყალდიდობაა 2021 წლის შემდეგ, როდესაც გერმანიაში სულ ცოტა 185 ადამიანი დაიღუპა.