რუსეთმა და ყაზახეთმა 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს მას შემდეგ, რაც თოვლის სწრაფმა დნობამ მდინარეების ძლიერი ადიდება გამოიწვია. ამ მხარეში, სულ მცირე, ბოლო 70 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა.
წყალდიდობამ ურალის მთებში, ციმბირში და ყაზახეთის რაიონებში, ათობით დასახლება დატბორა. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რწყალი რამდენიმე საათში მეტრობით გაიზარდა და უმაღლეს დონეს მიაღწია.
მდინარე ურალი, ევროპაში სიგრძით მესამეა. ის რუსეთისა და ყაზახეთის გავლით კასპიის ზღვაში მიედინება. მდინარე პარასკევს ადიდდა და დატბორა ქალაქი ორსკი, ურალის მთების სამხრეთით.
ორენბურგში, სადაც, დაახლოებით 550 000 ადამიანი ცხოვრობს, წყლის დონე თავდაპირველად, 9,3 მეტრამდე გაიზარდა. წყლის დონე ამჟამად 9,14 მეტრია.
სირენები ისმოდა კურგანში, ქალაქ ტობოლზე, ირტიშის შენაკადთანაც, სადაც ხალხს აფრთხილებდნენ, რომ სასწრაფო ევაკუაცია დაიწყოთ. საგანგებო მდგომარეობა ასევე გამოცხადდა ტიუმენში, დასავლეთ ციმბირის მთავარ ნავთობმომპოვებელ რეგიონში - მსოფლიოში უდიდესი ნახშირწყალბადების აუზში.
„რთული დღეები კურგანისა და ტიუმენის რეგიონებისთვის ჯერ კიდევ წინ არის “, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესაუბრა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევს, სადაც წყალდიდობის გამო 86 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ყველაზე მძიმედ დაზარალდა ატირაუ, აქტობე, აკმოლა, კოსტანაი, აღმოსავლეთ ყაზახეთი, ჩრდილოეთ ყაზახეთი და პავლოდარის რეგიონები, რომელთა უმეტესობა ესაზღვრება რუსეთს და კვეთს რუსეთში მომდინარე მდინარეებს, როგორიცაა ურალი და ტობოლი.