ესპანეთიდან იმიგრანტებს ასახლებენ

ესპანეთმა ათობით არალეგალი იმიგრანტი ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულიდან უკან მაროკოში გააგზავნა
ესპანეთმა ათობით არალეგალი იმიგრანტი ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულიდან უკან მაროკოში გააგზავნა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად.

ესპანეთის და მაროკოს შესაბამისმა აღმასრულებელმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ერთობლივი ოპერაცია განახორციელეს დაუსახლებელი კუნძული ილა დე ტიერადან მიგრანტების ევაკუაციის მიზნით.

ესპანელებმა კუნძულზე თავმოყრილი ადამიანები სასმელი წყლით, სურსათით და ტანსაცმლით მოამარაგეს. მიგრანეტების უმეტესობა სუბსაჰარა აფრიკის ქვეყნებიდან არიან, ზოგიერთები კი არგენტინიდან ჩამოვიდნენ.

როგორც ესპანეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში ქალაქ მელილას წარმომადგენელმა აბდელმალიქ ელ ბარკანიმ განაცხადა, ოპერაციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ათამდე ქალი და ბავშვი მელილას სამხედრო გარნიზონის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 10 თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, თავს კარგად გრძნობს მიგრანტებში მყოფი ფეხმძიმე ქალიც. ამ ხალხს ესპანეთში დარჩენის უფლება მისცეს.

დანარჩენი 73 იმიგრანტი კი, უკან მაროკოში დააბრუნეს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხოსე მანუელ გარსია მარგალოს განცხადებით, ეს საქმე კრიმინალთან და ადამიანთა ტრეფიკინგთან არის დაკავშირებული. მისი თქმით:

„გასულ წელს ესპანეთში 45,000 არალეგალი მიგრანტი ჩამოვიდა, რომელთა უმეტესობამ ჩვენამდე აფრიკის სანაპიროდან ნავებით ჩამოაღწია.“

ესპანეთი მასობრივი უმუშევრობის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში ცხოვრობს და მის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს არალეგალი მიგრანტების ნაკადი, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო ფართო ხასიათს იღებს.