ყველა სისტემა მწყობრშია "ფალკონის" დღევანდელი საცდელი გაშვებისთვის. ამინდი 90 პროცენტით ხელს გვიწყობს - ამ სიტყვებით სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" კერძო კომპანია "სპეისექსმა" დაადასტურა, რომ დღეს დაგეგმილი კოსმოსური ხომალდის გაშვება არ გადაიდება. თავის ყველაზე დიდ რაკეტას "ფალკონ 9" კომპანია ვაშინგტონის დროით შუადღეზე, 1:30-ზე გეგმავს.
თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დედამიწის ორბიტაზე პირველად ისტორიაში გავა სპორტული მანქანაც, რომლის საჭესთან მანეკენი იჯდება. კომპანინის პრეზიდენტმა, მილიარდერმა ფილანტროპმა და გამომგონებელმა ელონ მასკმა განაცხადა, რომ ძალიან მოსწონს კოსმოსში მანქანით გასეირნების იდეა.
რაკეტა სტარტს ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აიღებს.