დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პოსტ-საარჩევნო გარჩევები

მავთულხლართები მეჯვრისხევთან. ნინო დალაქიშვილის ფოტო.

ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის წარმომაგენლები... ვინც აქ არიან და აკვირდებიან არჩევნებს, დაბრუნდებიან სამშობლოში და მოყვებიან ამის შესახებ,“- განაცხადა დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ პიოტრ გასიევმა.

საპარლამენტო არჩევნები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მშვიდად და წყნარად ჩავლილად შეფასდა ცხინვალში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე დღეს 10 ივნისს ქალაქის ცენტრში, დღის საათებში ცეცხლსასროლი იარაღით სროლა დეპუტატობის კანდიდატებს შორის ატყდა. ერთ-ერთი მათგანი, ალან თეტეევი ორმაგი ნასროლი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტს თვითმხილველები ჰყავს და სწორედ მათზე დაყრდნობით, ადგილობრივმა ტელევიზიამ გააჟღერა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სროლა სწორედ კანდიდატებს შორის ატყდა, თუმცა ვინ დაჭრა თეტეევი, ამის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. შესაძლოა, კონფიდენციალურობა იმას უკავშირდებოდეს, რომ მსროლელი ამჟამად უკვე დე-ფაქტო პარლამენტში მოხვედრილი კანდიდატი ვალერი კოკოევი აღმოჩნდეს, რომელიც პრეზიდენტ ბიბილოვის მხარდაჭერით სარგებლობს. კოკოევს წითელ ჯვარში მძღოლად მუშაობის გამოცდილება აქვს. ის ცხინვალის მეშვიდე ოლქში იყრიდა კენჭს.

უბანზე ხმების დათვლის დროს, უცნაური ამბავი მასსა და კიდევ ერთ კანდიდატს, ალან ზასეევს შორის დაფიქსირდა. ხმათა რაოდენობა მათ შორის თანაბრად გაიყო მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ჩაყრილი ბიულეტენები გაბათილდა. გაბათილების შემდგომ, თანაბრად გადანაწილებული ხმებიდან, საარჩევნო კომისიამ გამარჯვება იმ კანდიდატს მიაკუთვნა, ვინც პირველი დარეგისტრირდა. ეს კი დე-ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის პროტეჟე აღმოჩნდა. ასეა თუ ისე, მეშვიდე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დასრულდა.

„ახლო და შორეული სამეზობლოდან დამკვირვებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ჩვენთან მაღალ დონეზე, მშვიდობიანად, წყნარ ატმოსფეროში, მაღალკვალიფიციურად ჩატარდა არჩევნები და ეს აჩვენებს დემოკრატიის განვითარების ხარისხს. ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის წარმომაგენლები, ჟურნალისტები, ვინც აქ არიან და აკვირდებიან არჩევნებს, მას შემდგომ, რაც დაბრუნდებიან თავის სამშობლოში, იტყვიან, მოყვებიან ამის შესახებ,“- განაცხადა დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ პიოტრ გასიევმა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტს 34 დეპუტატი ჰყავს. წელს, პირველად თხუთმეტი წლის მანძილზე, არჩევნები შერეული სისტემით მატორიტარული-პროპორციული 50/50- ზე ჩატარდა. 2014 წლის მოწვევის პარლამენტი კი მთლიანად პროპორციული სისტემით გახლდათ არჩეული. პარლამენტში მოსახვედრად იბრძოდნენ პარტიები: ფიდბასტა, სამხრეთ ოსეთის კომუნისტური პარტია, სოციალისტური პარტია „ხალხის ერთობა“, პარტია „ნიხასი“, სამხრეთ ოსეთის სახალხო პარტია, პარტია „ერთობა“ და ერთიანი ოსეთი. სწორედ ეს უკანასკნელია ლიდერი შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე სახალხო პარტია, მესამეზე „ნიხასი“. საინტერესო მაჩვენებელია ისიც, რომ ყველა პარტიის წინააღმდეგ ხმა მოსახლეობის 1, 24 პროცენტმა მისცა.

დეპუტატები დე-ფაქტო პარლამენტისთვის 77 უბანში აირჩიეს. რომელთაგან ერთი მუშაობდა სოხუმში, ერთი მოსკოვში, ორი კი ვლადიკავკაზში.

ახალგორში, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ლენინგორს უწოდებენ, მაჟორიტარი დეპუტატი აირჩიეს. ახალგორიდან პარლამენტში თავისუფალი კანდიდატი ზაზა დრიაევი 298 ხმით მოხვდა. მისივე მოგვარეს, სპარტაკ დრიაევს, „ერთიანი ოსეთის“ ადგილობრივ თავმჯდომარეს კი ახალგორელების 214 ხმა ერგო. აქ, ზოგადად, 640 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ჩვენთან საუბრისას ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ რეალურად, ადგილზე უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მათ არჩევნებში ხმის მიცემა ვერ შეძლეს.

„წინასაარჩევნოდ, თვითპიარის მიზნით, ხელისუფლებამ დაიწყო პასპორტების დარიგება, მაგრამ მე გავაპროტესტე, რადგან მე ჩამორთმეული მაქვს ყველანაირი საბუთი და ესენი ამ დროს, ჩემს თვალწინ ყველას პასპორტებს სთავაზობენ. ორი წელია არანაირი დოკუმენტი არ მაქვს და გადაადგილების უფლება მეზღუდება, ხელისუფლება თითიდან გამოწოვილი, უსამართლო და სიცრუეზე დამყარებული ბრალდებებით ცდილობს ჩემი აქტივიზმის მოთოკვას. ჩემი პროტესტის შემდგომ, პასპორტების გაცემა შეაჩერეს,“- გვეუბნება თამარ მეარაყიშვილი, რომლის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმის აღძვრის ერთ-ერთი ავტორი სწორედ ის ადამიანი გახლავთ, ვინც 9 ივნისს ახალგორში „ერთიანი ოსეთიდან“ იყრიდა კენჭს.

სპარტაკ დრიაევს ამერიკის ხმის პუბლიკა ამ ისტორიიდან იცნობს. „აქეთ მე ვარ, იქით ისინი და შუაში კი უფსკრული“,- გვეუბნება თამარ მეარაყიშვილი, რომელიც მორიგი სასამართლო პროცესების მოლოდინშია და გადაადგილების უფლების მოპოვებისთვის იბრძვის. მართალია, მას ოფიციალური დოკუმენტები არ აქვს, მაგრამ საკუთარი აქტივიზმით მაინც შეძლო იმ კანდიდატს არ გაემარჯვა მის რეგიონში, ვინც მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური ბრალდებებით იბრძვის: „ვიაქტიურე იმის გამო, რომ არ ყოფილიყო სპარტაკ დრიაევი ჩვენი წარმომადგენელი. ეს ადამიანი სრულიად უკანონოდ მოქმედებს ჩემს წინააღმდეგ და მისი და მისი პარტიის წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, უკვე ორი წელია, ფაქტობრივ ტყვეობაში ვარ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მას არაფერი ესაქმება პარლამენტში. ის ამ თანამდებობას გამოიყენებდა პიროვნულად არასასურველი ადამიანების ჩამოსაშორებლად, მაგალითად, ისეთის, როგორიც მე ვარ.“

თამარა მიიჩნევს, რომ სპარტაკ დრიაევის დამარცხება დეპუტატობისთვის ბრძოლაში მისთვის ღირსების საქმეა, თუმცა აქვე, იმასაც აცნობიერებს, რომ არც ახალი მაჟორიტარი იქნება მისი უფლებების დამცველი და გულშემატკივარი სასამართლო პროცესებზე. „ზოგადად, აქ იმაზეც კი პრობლემა ექმნებათ ადამიანებს, ფოტო რომ დავდო სოციალურ ქსელში, სადაც მათ გვერდით გამოვჩნდები. ზოგიერთი „მეგობრულად“ მთხოვს, რომ ასეთი სურათი დავმალო, რადგან ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შენიშვნებს იღებენ“,- ამბობს თამარ მეარაყიშვილი, რომელმაც „ფოტოების განთავსების“ უფლების დასაცავად, სოციალურ ქსელში ისეთი ფოტო დადო, სადაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან, ყველაზე „მაღალ“ ადგილობრივ ჩინოსანთან ერთადაა გადაღებული.

„ახალგორში დეპუტატი გავხდი მე, არც დავრეგისტრირებულვარ, არც სურვილი მქონია, მაგრამ ალბათ მიხვდით, რას ვგულისხმობ, მაინც მე მომიწევს ჩემი რაიონის პრობლემებზე საუბარი და ვიქნები მისი ადვოკატი. არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩემი რაიონის უკეთესი მომავლისთვის რომელიმე დეპუტატი იბრძოლებს“,- გვეუბნება მეარაყიშვილი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნების თაობაზე განცხადება აშშ-ის საელჩომაც გააკეთა: „ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა.“