სამხრეთ კორეის დედაქალაქი ჩრდილოელი მეზობლისგან უეცარ თავდასხმასთან გასამკლავებლად ემზადება. ოთხშაბათს ჩატარებულ თავდაცვით წვრთნაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სეულზე მოულოდნელი თავდასხმის სიმულაციაზე იყო დაფუძნებული, 1000-ზე მეტი სამხრეთ კორეელი სამხედრო, პოლიციელი და საგანგებო სამსახურის თანამშრომელი ჩაერთო. ქალაქი სეული ჩრდილოეთ კორეის იარაღისა და ფარული თავდასხმისთვის მისაწვდომ დისტანციაზე მდებარეობს.
წვრთნა იმ დროს ჩატარდა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის და პირველი სამხედრო საჯაშუშო თანამგზავრის გაშვების შემდეგ მეზობლებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა. მხარეები გასულ თვეში კვლავ დაუბრუნდნენ იმ გარკვეულ სამხედრო ღონისძიებებს, რომლებიც 2018 წლის პაქტის დადების შემდეგ შემსუბუქებული იყო.
ასევე ნახეთ: ბლინკენს რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო კავშირი აშფოთებს„ჩვენთვის დიდი გაკვეთილი იყო, როდესაც ისრაელის მსოფლიო კლასის, თავდაცვის მოწინავე სისტემა, ჩვეულებრივი არტილერიით და პრიმიტიული საშუალებებით აღჭურვილი „ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმის პირისპირ უმწეო აღმოჩნდა“, - თქვა სამხრეთ კორეის დედაქალაქის მერმა ოჰ სეჰუნმა.
ოთხშაბათს ჩატარებული წვრთნა მოიცავდა წყალმომარაგების მთავარ ობიექტზე, სატელეფონო ქსელის სადგურებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ელექტროკაბელების დერეფნებზე თავდასხმის სიმულაციებს.
სეული ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო საზღვრიდან სულ 38 კილომეტრით არის დაშორებული. ოჰის ქმით, ეს მას საშიშროებას უქმნის, რომ ნებისმიერ დროს აღმოჩნდეს თავდასხმის ობიექტი.
ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ სამთავრობო, ბიზნეს თუ ფინანსურ ცენტრში 9.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 1.4 მილიონი ადამიანი კი სეულში ყოველდღიურად სამსახურში და სასწავლებელში ჩადის.