შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარსდგა. გამოსვლა კონგრესში გაიმართა. პრეზიდენტმა გამოსვლაში ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, თავდაცვის, ეკონომიკის, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის საკითხებზე ისაუბრა, და მისი მიღწევები გამოჰყო.
პრეზიდენტმა გამოსვლა გამაერთიანებელი გზავნილით დაიწყო.
„ამ საღამოს ჩვენ არ გვაქვს არც რესპუბლიკური და არც დემოკრატიული დღის წესრიგი, ეს ამერიკელი ხალხის დღის წესრიგია. ბევრი ჩვენგანი წარმართავდა კამპანიას იმ დაპირებებით, როგორიცაა ამერიკული სამუშაო ადგილების დაცვა, ამერიკელი მუშახელისთვის სამართლიანი ვაჭრობის მოთხოვნა, ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის აშენება და განახლება, ჯანდაცვის და წამლების საფასურის შემცირება, საიმიგრაციო სისტემის შექმნა, რომელიც უსაფრთხო, კანონიერი, თანამედროვე და დაცულია და ისეთი საგარეო პოლიტიკის წარმართვა რომელიც ამერიკულ ინტერესებს პირველ რიგში აყენებს“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა მოლოდინები გაამართლა და გამოსვლისას კიდევ ერთხელ სცადა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის მხარდაჭრის მოპოვება. პრეზიდენტი ბიუჯეტში ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად 5.7 მილიარდ დოლარს ითხოვს, რასაც კონგრესში დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. უთანხმოებას ფედერალური მთავრობის ისტორიულად გრძელვადიანი დახურვა მოჰყვა. მთავრობა შესაძლოა 15 თებერვალს კვლავ დაიხუროს, თუ დემოკრატები და რესპუბლიკელები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
„დღეს მე თქვენ გთხოვთ დაიცვათ ჩვენი ძალიან საშიში სამხრეთის საზღვარი, ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნისადმი სიყვარულის და თავდადებისთვის. არცერთი სხვა საკითხი არ წარმოაჩენს დაპირისპირებას ამერიკელ მშრომელთა და ამერიკის პოლიტიკურ კლასს შორის, როგორც არალეგალური იმიგრაცია“ , - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.
პრეზიდენტმა, ისაუბრა ამერიკის ეკონომიკურ ზრდაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და უმუშევრობის უპრეცენდენტო შემცირებაზე. პრეზიდენტის გამოსვლას დემოკრატი კანონმდებელი ქალები თეთრ სამოსში გამოწყობილნი უსმენდნენ. მათი გზავნილი „სუფრაჟისტ“ ქალთა მოძრაობას ეხმიანებოდა და პოლიტიკაში უფრო მეტი ქალის ჩართულობის ხაზგასმას ისახავდა მიზნად.
საკუთარ სიტყვაში, პრეზიდენტმა ტრამპმა სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერის მიერ წარმოებული ე.წ. რუსეთის გამოძიება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. წარსულში, პრეზიდენტმა რუსეთის ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამოძიებას არაერთხელ უწოდა „კუდიანებზე ნადირობა“.
საგარეო პოლიტიკა
საერთაშორისო არენაზე ამერიკის როლზე საუბრისას, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებს შეეხო, და აღნიშნა, რომ ის კიმ ჩენ ინს თებერვლის ბოლოს შეხვდება. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ვენესუელის სოციალისტი ლიდერი ნიკოლას მადურო, და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ცივი ომის დროინდელი მცირე და საშუალო-რადიუსის ბირთვული რაკეტების შეთანხმების დატოვების გადაწვეტილებაზე და ამის მიზეზად რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების უწვეტი დარღვევა დაასახელა.
“ათწლეულების წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ხელშეკრულება დადო, რომლითაც ჩვენ შევთანხმდით ჩვენი სარაკეტო შესაძლებლობების შეზღუდვაზე. მაშინ, როდესაც ჩვენ შეთანხმებას და მის პირობებს ვასრულებდით, რუსეთი განმეორებით არღვევდა მას. ეს უკვე ბევრი წელია რაც გრძელდება. ამიტომ, მე განვაცხადე, რომ შეერთებული შტატები ოფიციალურად ტოვებს „საშუალო-რადიუსის ბირთვული შეიარაღების შეთანხმებას... ალბათ, არჩევანი არ გვაქვს -- შესაძლოა სხვა შეთანხმებას მივაღწიოთ, ჩინეთის და სხვების დამატებით, ანდა შეიძლება ვერ მივაღწიოთ, - ამ შემთხვევაში, ჩვენ ბევრად უფრო მეტს დავხარჯავთ და ბევრად უფრო ინოვაციურები ვიქნებით, ვიდრე ყველა დანარჩენი”, - თქვა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა სირიიდან და ავღანეთიდან ამერიკული შენაერთების გაყვანის გეგმაც განიხილა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია და დროა ამერიკელი სამხედროები სახლში დაბრუნდნენ, ხოლო ავღანეთის მისიის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ იქ ამერიკის 17 წლიანი ომი დასრულდება თუ „თალიბანის“ ისლამისტები შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მიაღწევენ. მან იქვე დასძინა, რომ ავღანეთში ტერორისტთან ბრძოლაში აშშ ჩართული დარჩება.
“ჩვენი მამაცი ჯარისკაცები, ახლო აღმოსავლეთში უკვე თითქმის 19 წელია იბრძვიან. ავღანეთში და ერაყში 7000-მა ამერიკელი გმირმა გაწირა საკუთარი სიცოცხლე. 52,000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მძიმედ დაიჭრა. ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ომების წარმოებაში 7 ტრილიონზე მეტი დავხარჯეთ. მე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, ახალი მიდგომის ქონის პირობა დავდე. დიადი ერები დაუსრულებელ ომებს არ აწარმოებენ“, - თქვა ტრამპმა.
ოპონენტების რეაქცია
დემოკრატმა კანონდემბლებმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი გააკრიტიკეს.
„ზოგჯერ თავი წინასაარჩევნო შეხვედრაზე მეგონა. მას ძალიან პარტიული ტონი ქონდა. სხვადასხვაფერი გზავნილი იყო. იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება საქმე და პრეზიდენტი ჩვენთან ერთად იმუშავებს. პირველი მთავრობის დახურვის თავიდან აცილებაა“, - განაცხადა ბენ კარდინმა, დემოკრატმა სენატორმა მერილენდის შტატიდან.
კონგრესმენი რასკინი მის თანაპარტიელს ეთანხმება.
„ჩვენ მხოლოდ გვინდა, რომ მან შეწყვიტოს ყველა დიქტატორთან,ავტოკრატთან კლეპტოკრატთან და დესპოტთან შეკვრა. თუმცა ნათელია ვინ არიან მისი მეგობრები. ის პოულებს მეგობრებს იმ ხალხს შორის, რომლებიც დემოკრატიის და თავისუფლების მტრები არიან“, - განაცხადა ჯეიმი რასკინმა, დემოკრატმა კონგრესმენმა.
გამოსვლაში ამერიკის პრეზიდენტი შეეცადა თავისი ერთგული ამომრჩევლისთვის მიემართა. 2020 წლის მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტი საარჩევნო სამზადისს იწყებს.