ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ეჭვი არ ეპარება, რომ ზოგიერთი ქვეყანა კოვიდ-19-ის ვაქცინას მსოფლიოში საკუთარი გავლენის გაძლიერებას ახმარს. ლონდონი გმობს ვაქცინის დიპლომატიურ იარაღად გამოყენების მეთოდს.
დომინიკ რააბი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიდი შვიდეულის კულუარებში საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" ესაუბრა. ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ კორნვოლში მიმდინარე სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ პანდემია კოვიდ-19-თან გამკლავებაა.
ასევე ნახეთ: რუსული ვაქცინის წინააღმდეგ ეჭვები იზრდებადასავლეთის დიპლომატები შიშობენ, რომ რუსეთი და ჩინეთი ვაქცინებით სხვა ქვეყნების მანიპულირებას ცდილობენ. განსაკუთრებით დიდი დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ღარიბი სახელმწიფოები, რომელთაც კოვიდ-19-ის ვაქცინის არც წარმოების სახსრები და არც მისი შეძენის საშუალება არ გააჩნიათ.
"როიტერის" კითხვას, შეშფოთებულია, თუ არა მინისტრი იმით, რომ რუსეთს და ჩინეთს შეუძლიათ ვაქცინა გეოპოლიტიკური ინტერესებით გავლენის ბერკეტად გამოიყენონ, დომინიკ რააბმა უპასუხა: "ეჭვგარეშეა, რომ ნაწილობრივ ეს ხდება და ჩვენ ვაქცინის დიპლომატიას, მითუმეტეს შანტაჟს, მხარს არ ვუჭერთ". ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიოს ვაქცინაცია განვითარებული ქვეყნების "მორალური პასუხისმგებლობაა".
ასევე ნახეთ: ამერიკა ღარიბი ქვეყნებისთვის "ფაიზერის" 500 მილიონ დოზას შეისყიდისცოტა ხნით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის "ფაიზერის" ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეიძენს. ამას გარდა, შეერთებული შტატები რამდენიმე ქვეყანას ვაქცინების წარმოებაშიც დაეხმარება. მაგრამ, ვაშინგტონი იქვე ხაზს უსვამს, რომ მათგან სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს.
ანალოგიურ ნაბიჯს დგამს ბრიტანეთიც. დომინიკ რააბი აცხადებს, რომ ლონდონი ვაქცინებით დახმარების 80%-ს "კოვაქსის" ჯგუფს გადასცემს, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს.
ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინური წარმოების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო 2 ვაქცინა აქვს დამტკიცებული. ერთს სახელმწიფო კომპანია "სინოფარმი" აწარმოებს, მეორეს კი - კერძო "სინოვაკი". რუსეთის ვაქცინა "სპუტნიკ-ვი" ჯანმოს ჯერ არ დაუმტკიცებია. მოსკოვს იმედი აქვს, რომ ეს რამდენიმე თვეში მოხდება. თუმცა, რუსეთმა უცხოეთში ვაქცინის მილიონობით დოზა უკვე გაყიდა.