რა მნიშვნელობას ენიჭება დიდ ბრიტანეთში უფლისწულის გაჩენას და როგორ აღნიშნავენ ამ ფაქტს?
Your browser doesn’t support HTML5
სოციალური მედიის და ინფორმაციის წამიერი გავრცელების სხვა საკომუნიკაციო საშუალებების არსებობის მიუხედავად, სამეფო კარმა უფლისწულის გაჩენის შესახებ შეტყობინება ტრადიციული გზით გადაწყვიტა. ბუკინგემის სასახლის შესასვლელთან მცირე ზომის ცნობა გამოაკრეს, რომელიც დაინტერესებულ პირებს ამცნობს, რომ მის აღმატებულებას დღის 4 საათსა და 24 წუთზე ვაჟიშვილი შეეძინა. ცნობაში ძალიან მოკლედ წერია, რომ დედა და ბავშვი ორივე თავს კარგად გრძნობს. ქეით მიდლტონი იმ დღეს სამშობიაროში დილაუთენია მიიყვანეს. წმიდა მარიამის საავადმყოფოში უფლისწულ უილიამის მეუღლე დილის ექვს საათზე საწყისი ეტაპის წინასამშობიარო ტკივილების დიაგნოზით დარეგისტრირდა.
„ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს ჩვენც შევძლებთ საკუთარი ოჯახის ყოლას“ - თქვა ნიშნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქეით მიდლტონმა, ბავშვის დედამ, რომელსაც სააგენტო როიტერსმა მაშინ კითხვა ოჯახის მნიშვნელობის და შვილების შესახებ დაუსვა.
ახალი კანონმდებლობით, რომელიც ბრიტანული პარლამენტის დამტკიცებას ელის, ახალშობილი გაჩენის მომენტიდან დიდი ბრიტანეთის მომავალი მეფე იქნება. ის საკუთარ ბიძას - უფლისწულ ჰარის ჩაანაცვლებს და ბაბუის - უფლისწულ ჩარლზის და მამის - უფლისწულ უილიამის შემდეგ, მეფობის პრეტენდენტთა შორის მესამე ადგილს დაიკავებს. ბრიტანული ტრადიციის მიხედვით, საუკუნეების მანძილზე სამეფო კარი უპირატესობას მამრობითი სქესის პირველ შვილს ანიჭებს.
დიდი ბრიტანეთის მონარქთა ოჯახში მიღებული ფორმალობები და ცერემონიალები, მათ შორის ის, რაც უფლისწულ უილიამის ქორწინებას და შვილის გაჩენას ახლდა თან, თანამედროვე რეალობაში ბევრს მოძველებულ ტრადიციებად ეჩვენება. თუმცა, არა მაილს ტეილორს ლონდონის უნივერსიტეტიდან.
„ვფიქრობ, რომ მონარქიისთვის ადგილი ჯერ კიდევ არის. ბრიტანელთა ეროვნული იდენტიფიკაციის ყველაზე გამომსახველი და ცნობილი სიმბოლოა. ხალხი არამარტო პატივს სცემს მას, არამედ მორჩილებასაც უცხადებს“ - აღნიშნავს მაილს ტეილორი.
ძნელია არ დაეთანხმო, ბავშვი ხომ ჯერ კიდევ გაჩენამდე უკვე ცნობილი ვარსკვლავი იყო. თუმცა, ის როლი, რომელსაც ახალშობილი შეასრულებს, დიდად განსხვავდება 60 წლის წინ ახლანდელი დედოფლის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისგან. დედოფალ ელისაბედის კურთხევის პერიოდში სამეფო კარი ბევრად უფრო დახურული, კონსერვატიული და მიუდგომელი იყო, ვიდრე დიდი ბრიტანეთის პირველი ოჯახის დღევანდელი სახე.
უფლისწულის გაზრდა და ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ერთ მშვენიერ დღეს ის რამდენიმე ქვეყნისგან შემდგარი 54-ეროვნებიანი მონარქიის მეფე და დიდი ბრიტანეთის ახალი სიმბოლო გახდება. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომლისთვისაც სამზადისს სამეფო კარზე უდიდესი რუდუნებით უდგებიან და ადრეული ასაკიდან იწყებენ.