სნოუდენმა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

სნოუდენი სამი კვირაა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში იმყოფება
ამერიკის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა კონტრაქტორმა ედუარდ სნოუდენმა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. კრემლმა საპასუხოდ მინიშნება გააკეთა, რომ შეიძლება დათანხმდეს სნოუდენის მოთხოვნას იმ პირობით, თუ ამერიკის მიერ ახლა უკვე ჯაშუშობისთვის ძებნილი სნოუდენი შეწყვეტს ამერიკის საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებას.

30 წლის სნოუდენი პარასკევს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ადამიანის უფლებადამცველებსა და რუს იურისტებს შეხვდა. რამდენიმე მათგანმა პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ სნოუდენს რუსეთში დარჩენა სურს, რადგან სხვაგან გაფრენა არ შეუძლია იმის გამო, რომ მას ამერიკის მთავრობამ პასპორტი გაუუქმა. სამხრეთ ამერიკის სამმა ქვეყანამ - ვენესუელამ, ბოლივიამ და ნიკარაგუამ - მას თავშესაფარი შესთავაზეს.

სნოუდენმა, რომელიც უკვე თითქმის სამი კვირაა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში იმყოფება უფლებადამცველ ორგანიზავიებთან შეხვედრა მოითხოვა და ნაგაცხადა, რომ შეერთებული შტატები მის წინააღმდე მუქარის მეთოდებს იყენებს და მას პოლიტიკური თავშესაფარის მოპოვებაში ხელს უშლის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ სნოუდენს მოუწოდა სხვა ქვეყანაში გაფრენილიყო. ხოლო მოგვიანებით კი მანამდე გაკეთებული განცხადება დაადასტურა და თქვა, რომ ის სნოუდენს თავშესაფარს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის ამერიკის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებას შეწყვეტს.

ამერიკის ოფიციალური პირები სნოუდენის ექსტრადიციას ითხოვენ მის გასასამართლებლად.