"ამერიკის ხმის" რუბრიკა „გალილეო“ დღეს იმ მეცნიერებს გაგაცნობთ, რომელთაც თავის ტვინში მეხსიერებით მანიპულირება შეძლეს. მათ 2014 წლის გამოგონებათა სმითსონის ამერიკული ჯილდო გადაეცათ.
რამდენიმე ხნის წინ რუბრიკა „გალილეომ“ გაგაცნოთ აგვისტოს ბოლოს ჟურნალში Nature გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა თავის ტვინში მოგონებების ჩანაცვლება შეძლეს. დღეს ჩვენ უშუალოდ იმ ორ გამომგონებელს წარმოგიდგენთ, რომლებიც თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ნეირომეცნიერებაში უდიდესი მიღწევის ავტორები გახდნენ. ოქტომბერში გამართულ გალაზე სმითსონის ინსტიტუტმა ისინი წლის საუკეთესო გამომგონებლებად დაასახელა.
ამერიკელი ნეირომეცნიერები შუ ლიუ და სტივ რამირესი ბოლო რამდენიმე წელია ისეთ იდეაზე მუშაობდნენ, რომელიც აქამდე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ხალგაზრდა მეცნიერებს თაგვების თავის ტვინში ცუდი მოგონებების კარგით შეცვლა, ფაქტიურად მეხსიერებით მანიპულირება სურდათ. ამ თემაზე არაერთი წიგნი დაწერილა და ჰოლივუდში რამდენიმე საინტერესო ფილმიცაა გადაღებული, მათ შორის Inception, რომელიც ითარგმნა, როგორც „დასაწყისი“ (თუმცა ამ კონტექსტში შესაძლოა უფრო ჩანერგვას ნიშნავდეს) და კიდევ „ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“ - Eternal Sunshine of the Spotless Mind.
კვლევების დაწყებით სტადიაზე სტივ რამირესი 24 წლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი იყო, შუ ლიუ კი 34 წლის მეცნიერი. ისინი ნობელის პრემიის ლაურეატის სუსუმუ ტონეგავას გუნდში მუშაობდნენ. იაპონელმა მეცნიერმა 1987 წელს პრესტიჟული ჯილდო ფსიქოლოგიის და მედიცინის დარგში მიიღო. სუსუმუ ტონეგავა იმ კვლევის ავტორია, რომელმაც ანტისხეულების მრავალგვარობის გენეტიკური მექანიზმი აღმოაჩინა და მისი არსებობა ექსპერიმენტულად დაამტკიცა.
შუ ლიუს და სტივ რამირესის მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ თავის ტვინის არათუ მხოლოდ იმ უჯრედების იდენტიფიცირება შეიძლება, რომელშიც განსაზღვრული მეხსიერების კოდირება ხდება, არამედ სპეციფიურ მეხსიერებასთან დაკავშირებული ემოციური ასოციაციაციით მანიპულირებაც შესაძლებელია. ნეირომეცნიერებმა ეს ოპტოგენეტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით მოახერხეს. აღნიშნული ტექნოლოგია ნეირონების აქტივობის კონტროლისთვის სინათლეს იყენებს. მათ დამარჯერებლად აჩვენეს, თუ კონკრეტულად რომელი ნეირონები ასრულებენ კრიტიკულ როლს ემოციის მეხსიერებასთან დაკავშირებაში. საქმე იმაშია, რომ ინფორმაცია, რომელიც მეხსიერების კონტექსტს შეიცავს და ინფორმაცია, რომელიც მასთან დაკავშირებულ ემოციებს მოიცავს, თავის ტვინში სხვადასხვა ადგილას ინახება.
ნეირომეცნიერებმა ამ გზით აჩვენეს, რომ თავის ტვინში ცოდნის და მეხსიერების კონტროლი, მანიპულირება და ახლის შექმნაც კი დასაშვებია. ბოსტონში „ტედის“ საჯარო ლექციების ფორმატით გამართულ შეხვედრაზე სტივ რამირესმა განმარტა, რომ „თავის ტვინი, რომელშიც ერთი შეხედვით საკმაოდ ბევრი საიდუმლოთი მოცული რეგიონია, სინამდვილეში ფიზიკური სეგმენტებისგან შედგება, რომლებზე ექსპერიმენტირებაც სავსებით შესაძლებელია“.
კვლევა ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა. ადამიანებზე ექსპერიმენტირების ეთიკურ მხარეს რაც შეეხება, სტივ რამირესი თვლის, რომ მონაწილეთა შერჩევის, მათი უსაფრთხოების, ინვაზიური პროცედურების რისკების, ეთიკური თუ სხვა მრავალი სახის კითხვის არსებობის მიუხედავად მეხსიერების შეცვლის განვითარების შეჩერება შეუძლებელია. ჯოშუა ჯოჰანსენი, იაპონიის რიკენის თავის ტვინის მეცნიერებათა ინსტიტუტის ნეირომეცნიერი ამბობს, რომ შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება ნაადრევი იქნებოდა. თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა თუ წარმატებით გაგრძელდა, მომავალში ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის ბევრად უფრო შედეგიანი მეთოდების შემუშავება გახდება შესაძლებელი.
და ბოლოს ორიოდ სიტყვით გამოგონებათა სმითსონის ამერიკული ჯილდოს შესახებ: სმითსონის ინსტიტუტი 1881 წელს დაარსდა. ეს მსოფლიოს უდიდესი სამუზეუმო და კვლევითი კომპლექსია, რომელშიც 19 მუზეუმი და გალერეა, 9 კვლევითი ცენტრი და ზოოლოგიური პარკი ერთიანდება. ყოველწლურად სმითსონის ინსტიტუტი მეცნიერების და ხელოვნების დარგში 10 ყველაზე გამორჩეულ ადამიანს აჯილდოვებს. წლევანდელ ლაურეატებს შორის დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგიც არის. ბრიტანელი მეცნიერი კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი და კოსმოლოგიის ცენტრის დირექტორია, რომელსაც თეორიული ფიზიკის დარგში რამდენიმე აღმოჩენა ეკუთვნის.