ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული სამი რეპორტიორი ქვეყანაში ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობდა. „ისინი რუსული კერძო სამხედრო კონტრაქტორების და სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის საქმეს იძიებდნენ“, - ამბობს მათი რედაქტორი.
როგორც რუსეთის და ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რეპორტიორები გასულ კვირას მოულოდნელი თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. თუმცა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების წევრები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ რეპორტიორები გარდაცვლილები იპოვეს, მას შემდეგ, რაც ისინი დაახლოებით ათმა თავსაბურავიანმა და არაბულად მოსაუბრე მამაკაცმა გაიტაცა. გატაცებისა და მკვლელობის სხვა დეტალები მთავრობისგან ცნობილი არ გამხდარა.
თითოეული ასეთი შემთხვევის სრულყოფილი გამოძიება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში ყოველი 10 მოკლული ჟურნალისტის საქმიდან 9 გამოუძიებელი რჩება.- "ჟურნალისთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი
"ესოშიეტედ პრესის" ცნობით, რუსი ოპოზიციონერი, რომელიც ახლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, მიხაილ ხადარკოვსკი ამბობს, რომ ეს ჟურნალისტები მის საგამოძიებო პროექტთან თანამშრომლობდნენ და რუსი დაქირავებული სამხედროების ამბავს იძიებდნენ.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ხადარკოვკის "გამოძიების კონტროლის ცენტრის" მთავარმა რედაქტორმა ანდრეი კონიახინმა თქვა, რომ ჟურნალისტები ცდილობდნენ ნათელი მოეფინათ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის საქმისთვის ისევე, როგორც სხვა რუსული ინტერესებისთვის, როგორებიცაა ოქროს, ალმასის და ურანის მოპოვების ინდუსტრიები. მისივე თქმით, ჟურნალისტები ქვეყანაში ტურისტული ვიზებით ჩავიდნენ, რათა ფარულად შესძლებოდათ მოქმედება და იქ კიდევ ორ კვირას აპირებდნენ დარჩენას.
რუსულ და უცხოურ მედიასაშუალებებში ვრცელდება ამ კომპანიის სახელიც - "ვაგნერი". კომპანია, რომელიც სამხედრო კონტრაქტორების საქმეს მართავს და უკავშირდება ევგენი პრიგოჟინის საქმეს. პეტერბურგელ მეწარმე რიგოჟინს ხშირად, პუტინის "შეფ-მზარეულსაც" უწოდებენ კრემლთან მისი ახლო კავშირების გამო.
კირილ რადჩენკო, ალექსანდრ რასტორგუიევი და ორჰან ჯემალი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყნის ჩრდილოეთით გაემგზავრნენ, რათა გაეროს იქ მყოფ წარმომადგენლებს შეხვედროდნენ. ჟურნალისტებს თან ჰქონდათ რამდენიმე ათასი დოლარი ნაღდი ფული, კამერები და სხვა ძვირადღირებული ტექნიკა. ეს ყველაფერი სავარაუდოდ მოიპარეს. თუმცა რედაქტორი ამბობს, რომ საქმეში ბევრი რამაა საეჭვო, მაგალითად რატომ მოკლეს ჟურნალისტები, თუკი ფულის და ტექნიკის მოპარვა-წართმევა ისედაც შეეძლოთ, ან თუ მკვლელობამდე მივიდა საქმე, კვალის დასაფარად რატომ არ მოკლეს მძღოლიც?
ხადარკოვსკი, ნავთობის ყოფილი მაგნატი და ერთ დროს რუსეთის უმდიდრესი ადამიანი, რომელიც რუსეთის ციხეში გატარებული ათი წლის შემდეგ ლონდონში ცხოვრობს, რუსეთში ბევრ სამოქალაქო გაერთიანებასა და მედიაპროექტს აფინანსებს.
ჟურნალისტების მკვლელობას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა, მათ შორის "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია". ფედერაცია მოითხოვს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება და დამნაშავები გასამართლდნენ.
ჟურნალისტებს, რომლებიც რუსული ონლაინ გამოცემის - „გამოძიების კონტროლის ცენტრისთვის“ მუშაობდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 30 ივლისს საღამოს, დაახლოებით, 10 საათზე დაესხნენ თავს, მათი მძღოლი კი ცოცხალი გადარჩა.
მედიაში გავრცელდა მათი მძღოლის ნაამბობიც, რომელიც ყვება, რომ ისინი ქალაქ სიბუტიდან, დაახლოებით, 23 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი, როდესაც შეიარაღებული ადამიანები ბუჩქებიდან გამოცვივდნენ და მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მისი თქმით, სამივე ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" წყაროების ცნობით, კომპანია "ვაგნერს", რომლის საქმიანობასაც ჟურნალისტები იძიებდნენ, კავშირები აქვს კრემლთან და მონაწილეობას იღებდა მის არაოფიციალურ მისიებში - აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში მიმდინარე. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ბრალდებას უარყოფენ.
"ჯერჯერობით მაინც არ არსებობს მტკიცებულება, რომ მკვლელობის მიზეზი სწორედ ის პროექტი იყო, რომელზეც ისინი მუშაობდნენ. ადგილობრივი სამართალდამცავები ამჟამად რუსეთის საელჩოსთან თანამშრომლობენ იმისათვის, რომ დადგინდეს რ ამოხდა სინამდვილეში. "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია" დააკვირდება გამოძიების პროცესს იმისათვის, რომ დამნაშავეები კანონის წინაშე წარდგნენ და დასრულდეს დაუსჯელობა ჟურნალისტების მკვლელობისთვის", - ვკითხულობთ ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ რელუთმა აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შემთხვევის სრულყოფილი გამოძიება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში ყოველი 10 მოკლული ჟურნალისტის საქმიდან 9 გამოუძიებელი რჩება.