საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ჩინური „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება.
„საბჭოს რეკომენდაციით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტები დაასრულებენ მუშაობას პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში „სინოფარმით“ ვაქცინაციის დანერგვას”, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
„სინოფარმის“ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ დრომდე არ აქვს. მინისტრის მოადგლე ამბობს, რომ საკითხს ჯანმო თვის ბოლომდე განიხილავს, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი თქმით ამ დრომდე მსოფლიოში ჩინურ ვაქცინას ათობით ქვეყანა იყენებს და ის ეფექტურია.
ასევე ნახეთ: საფრანგეთი "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის გამოყენების გეგმას არ ცვლის„ვფიქრობ, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს 55 წელს ზემოთ, აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო იმისთვის, რომ ვაქცინის სრული აღიარება, თუ აპრილის ბოლოს არ მოხდა, ამან არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. ავტორიზაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოს და ვაქცინის ადმინისტრირება დაიწყება მაისის დასაწყისიდან“,- განაცხადა მან.
საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აცრილია 26, 427 ადამიანი. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. საქართველომ „ფაიზერ-ბიონტექის“ 30,000-მდე დოზე 25 მარტს მიიღო. ხოლო ჩინური „სინოფარმი“ 3 აპრილს. ამ დროისთვის, „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წლის ზემოთ პირებში ხდება.