23 იანვარს სინგაპური ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ჩინეთის შემდეგ კორონავირუსი დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსი 66 წლის მამაკაცმა ჩაიტანა, რომელმაც 3 დღით ადრე ვუჰანის პროვინციაში იმოგზაურა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელება პანდემიად აღიარა. ათასობით ადამიანი დაინფიცირდა ირანში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში გარდაცვლილთა რაოდენობას აჭარბებს.
ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ქალაქ-სახელმწიფოში, რომელიც საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული, ვირუსის შიდა გადაცემის კონტროლი დროული ტესტირებით და კონტაქტების გამოკვლევით, ასევე სანდო საჯარო განცხადებებით და წარსულის გახსენებით გახდა შესაძლებელი.
სინგაპურში, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის სატრანზიტო დანიშნულების ადგილია და სადაც 5.6 მილიონი ადამიანი მჭიდრო დასახლებებში ცხოვრობს, ამ დრომდე მხოლოდ 345 შემთხვევაა დაფიქსირებული და არც ერთი გარდაცვალება.
"ეს ძალიან დიდი მიღწევაა", - ამბობს ბრუნეის, მალაიზიისა და სინგაპურის წარმომადგენელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ჰონგ-კონგისა და ტაივანის მსგავსად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე პატარა ქალაქ-სახელმწიფომ ქება სწორი რეაგირებისთვის დაიმსახურა. მართალია დადასტურებულ შემთხვევათა რაოდნეობა კვლავ იზრდება, მაგრამ ძირითადად ეს შემთხვევები საერთაშორისო მგზავრობას უკავშირდება და სხვა ქვეყნებიდანაა შემოტანილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სინგაპურის ხელისუფლება მაქსიმალურად გამჭვირვალე იყო იმის შესახებ თუ რა იყო ცნობილი და რა - არა, რის გაკეთებას აპირებდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყო საზოგადოება და ა.შ. ამასთან მათ ამის კეთება ძალიან ადრე დაიწყეს.
ჯერემი ლიმი, სინგაპურის ეროვნულიუნივერსიტეტის საჯარო ჯანდაცვის სკოლის ერთ-ერთი დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანას SARS-თან ბრძოლის ტრავმატული გამოცდილება აქვს. SARS-ით რომელიც ასევე გადამდები, რესპირატორული დაავადებაა, 2003 წელს, გლობალური აფეთქებისას, 283 სინგაპურელი დაავადდა, 33 კი გარდაიცვალა. ჩინეთის, ჰონგ-კონგისა და კანადის შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იყო. ლიმი ამბობს, რომ ამ დაავადების გავრცელება და მასთან ბრძოლა მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების კოლექტიურ მეხსიერებაშია.