მიმდინარე კვირა ამერიკისთვის ყველაზე მძიმე იქნება

ოფიციალური პირები ამერიკის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მიმდინარე კვირა ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების მხრივ ყველაზე რთული იქნება.

"ეს იქნება უმძიმესი და ძალიან სევდიანი კვირა, ამერიკის მოსახლეობის უმეტესობისთვის", თქვა ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის სამხედრო კორპუსის უფროსმა ჯერომ ადამსმა, ტელეკომპანია "ფოქსთან" საუბარში. "ეს იქნება ჩვენი პერლ ჰარბორი, ჩვენი 11 სექტემბერი, იმ განსხვავებით, რომ ის ლოკალიზებული არ იქნება. ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება", თქვა მან.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სიტუაცია მცირე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და მიუხედავად იმისა, რომ წინ რთული დრო ელოდება ამერიკას, "გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს".

"მომავალი კვირა-ნახევარი, ორი კვირა, ვფიქრობ, იქნება ურთულესი", თქვა ტრამპმა. "ამავდროულად, ჩვენ გვესმის რას წარმოადგენს ეს დრო. იმედია, რომ ამასაც გადავიტანთ, ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან რთული რამაა", დასძინა მან.

ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის ხელმძღვანელი დოქტორი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანცირების ბრძანებები მოქმედებს და დრო სჭირდება, რომ მათი შედეგები გამოჩნდეს.