სენატორები შაჰინი და რიში საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურებიან

საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა - რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა - განცხადება გაავრცელეს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის კანონმდებლები ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე არ დააყენოს დღის წესრიგში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და ამ გადაწყვეტილების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების ძალისმიერ დაშლას. ისინი საუბრობენ ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზეც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების თაობაზე. გთავაზობთ პირველი დეკემბრით დათარიღებული მათი განცხადების სრულ ტექსტს:

„ძალზე შეშფოთებულნი ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, სადაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უხეში ძალითა და ძალადობით დაუპირისპირდნენ, რაც მოჰყვა საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, შეეჩერებინათ ევროკავშირში გაწევრიანება და ამით უგულებელეყოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფება. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

ქართველი ხალხის მიმართ შეერთებული შტატების კონგრესში ძლიერი ორპარტიული, ორპალატიანი მხარდაჭერაა, და ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს მთავრობისა და ინდივიდუალური პირების ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენება - მათი, ვინც პასუხისმგებელია არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაზე და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მოვუწოდებთ [აშშ-ის] სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოხატოს თავისი პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის ახლანდელ გამოყენებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ თავისუფლებასა და დემოკრატიას საქართველოში. [პრეზიდენტ] ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების თაობაზე კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დადგა დრო, გამოვიყენოთ შეერთებული შტატების მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, რათა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებას შედეგი მოჰყვება. ქართველი ხალხი იმსახურებს იმის ცოდნას, რომ შეერთებული შტატები ვითარების გაუარესების ფონზე ჩუმად არ იჯდება”.

საპროტესტო აქციები თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

დემონსტრანტების აღშფოთება გამოიწვია მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ, 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და ამავე დრომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა და რომ მმართველი გუნდი ამისთვის ყველა პირობის შესრულებას გააგრძელებს.